ინფლაცია

ოქტომბერში საქართველოს წლიური ინფლაცია 12.8% იყო

Reuters

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8% შეადგინა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 18.4%-ით. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (43%), ზეთი და ცხიმი (31.6%), პური და პურპროდუქტები (19.4%), რძე, ყველი და კვერცხი (18.2%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (18%), თევზეული (16%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (13%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (11.2%), ხილი და ყურძენი (9.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (6.4%).

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 19.6%-ით. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (28.9%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.8%). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-1.3%).

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფიქსირდება ფასების 11.9%-იანი მატება. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (13.9%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.3%), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4.5%).

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 8.4%-ით. ფასები გაზრდილია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (12.7%), საავადმყოფოების მომსახურების (5.3%) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (3.6%) ქვეჯგუფებზე.

2021 წელს საქართველოში ინფლაციის დონემ ბოლო ათი წლის რეკორდულ ნიშნულს გადააჭარბა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის [IMF] გლობალური ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, მაღალი ინფლაციის დონით საქართველო მსოფლიოში მე-16 ადგილზეა და მას ისეთი ქვეყნები უსწრებენ, როგორებიცაა: ვენესუელა, სუდანი, სურინამი, იემენი და ზიმბაბვე. 

კომენტარები