მიხეილ სააკაშვილის დაკავება

სააკაშვილი: მთელი საქართველო უნდა დაიძრას თბილისში შემდეგ კვირას, თარიღი გამოცხადდება

ემი დაკვირვებითა და გამოცდილებით მინდა გითხრათ, რომ დღეს საზოგადეობა ბევრად უფრო მზადაა ძირეული ცვლილებებისთვის, ვიდრე ვარდების რევოლუციის წინ - ბევრად უფრო წინ წასულია, ინფორმირებულია და, რაც მთავარია, ერთიანია, ვიდრე მაშინ. ჩვენმა საზოგადოებამ 30-ში უკვე მოახდინა საარჩევნო რევოლუცია, ახლა ამ საარჩევნო რევოლუციის განვითარებისა და რიგგარეშე არჩევნებში გადაზრდის დროა. 

მთლიანად მხარს ვუჭერ გამარჯვებული მერებისა და სხვა ლიდერებისგან შემდგარი კოალიციის პოზიციას, რომ ერთდროულად გაიმართოს აქციები ბევრ ადგილას - ეს ეფუძნება სერბულ მაგალითს. ჯერ მილოშევიჩმა მიითვისა ადგილობრივი არჩევნები იუგოსლავიაში, მას შემდეგ, რაც გაიმარჯვა ოპოზიციამ. ოპოზიციამ და ოტბორმა ჯერ მოაწყვეს აქციები ბევრ ადგილას და შემდეგ წავიდნენ ბელგრადისაკენ. რატომ არის მნიშვნელოვანი აქციები ბევრ ადგილას ერთდროულად? იმიტომ, რომ ივანიშვილს ჰყავს ძალიან შეზღუდული რაოდენობის ბოლომდე ლოიალური საპოლიციო შენაერთები და მათ დაატარებს წინ და უკან. ამგვარად, მოუხდება ძალების დაფანტვა და ვერ შეძლებს ქართველი ხალხის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას. საჭიროა განსაკუთრებით ოდიოზურ ადგილობრივ მმართველებსა და მათ მიერ ჩადენილ უსამართლობებზე მუდმივი შეტევა და მხილება. და, რა თქმა უნდა, მთელი საქართველო უნდა დაიძრას თბილისში შემდეგ კვირას. როგორც კი თარიღი გამოცხადდება, ემიგრანტებმა უნდა აჩუქონ ის 1 დღე საქართველოს, რომელზეც გუშინ მოგმართეთ. მე მხარს ვუჭერ ოპოზიციის ლიდერების გეგმას, რომ ჩამოვიდეთ და არ დავიშალოთ. ასევე, გზადაგზა, ცხადია, იქნება ბევრი იმპროვიზაცია. ახლა მთავარია მრავალრიცხვოვნობა და თქვენ, დიახაც რომ, წარმოადგენთ და არჩევნებმა ეს დაადასტურა, ქართული საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას. ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან, ძალიან მტკიცე და მობილური. არ ვიცი, ჩემი შიმშილობის რომელი დღე იქნება, მაგრამ მტრის ჯინაზე არ მოვკვდები და აუცილებლად დაგელოდებით, რათა მოვიპოვოთ და ვიზეიმოთ გამარჯვება, საქართველოს გამარჯვება.

წერს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილის წერილი მისმა ადვოკატმა, შოთა თუთვერიძემ წაიკითხა. 

კომენტარები