NATO-რუსეთი

NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი: პუტინს NATO-ს წევრობა სურდა

ვლადიმირ პუტინი

ჯორჯ რობერტსონი, რომელიც 1999-2003 წლებში NATO-ს გენერალური მდივანი იყო, იხსენებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას, რომლის დროსაც მას ამ უკანასკნელმა უთხრა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის სურვილი.

რობერტსონის თქმით, პირველი შეხვედრის დროს პუტინმა, რომელიც 2000 წელს რუსეთის პრეზიდენტი გახდა, მას ცხადად აჩვენა, რომ სურდა რუსეთი დასავლეთის ნაწილი ყოფილიყო. 

"მათ სურდათ ყოფილიყვნენ იმ უსაფრთხო და სტაბილური დასავლეთის ნაწილი, რომელშიც იმ დროს რუსეთი არ იყო", – ამბობს რობერტსონი და მან პუტინთან დიალოგი გაიხსენა. 

"პუტინმა თქვა: "როდის მოგვიწვევთ NATO-ში გაწევრიანებისთვის?". [მე] ვთქვი: "ჩვენ ხალხს NATO-ში გასაწევრიანებლად არ ვიწვევთ, ისინი NATO-ში გაწევრიანების განაცხადს აკეთებენ". და მან [პუტინმა] მიპასუხა: "ჩვენ არ ჩავდგებით რიგში იმ ბევრ ქვეყნებთან, რომლებიც მნიშვნელოვანი არ არიან", – იხსენებს რობერტსონი.

რობერტსონის ცნობა ეხმაურება 2000 წელს პუტინის მიერ BBC-ის ჟურნალისტისთვის, დევიდ ფროსტისთვის მიცემულ ინტერვიუს, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არ გამორიცხა, იმ შემთხვევაში, "თუ და როცა რუსეთის შეხედულებები ისე იქნება გათვალისწინებული, როგორც თანასწორი პარტნიორის", როგორც ეს მაშინ პუტინმა თქვა.

კომენტარები