მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ხოშტარია: თუ არ იქნება რეაგირება, ვფიქრობ პროტესტის გამწვავებაზე

კადრი ვიდეოდან / ფორმულა

დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მე-3 დღეა პარლამენტის შენობაში შიმშილობს, თუ რეაგირება არ მოხდება, ის პროტესტის ფორმას კიდევ უფრო გაამწვავებს.

"რაღაც დროის შემდეგ, თუ არ იქნება რეაგირება, მე ვფიქრობ ამ პროტესტის გამწვავებაზე. ჯერ ვერ გეტყვით, მაგრამ არის ფორმები, რომლებზეც ნაფიქრი მაქვს და კიდევ უფრო გამწვავდება. როდესაც გადავწყვეტ, მაშინ გეტყვით. ეს არ არის თამაში, ეს არ არის ხუმრობა, ეს არ არის პოლიტიკური პოზიორობა, ეს ეხება პრეზიდენტის სიცოცხლეს. მე გუშინ გვიანობამდე მქონდა კომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილის ექიმებთან და სიტუაცია მძიმდება პრაქტიკულად ყოველდღიურად". – თქვა ელენე ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარია პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ მოინახულა. ხოშტარიას თქმით, მათ პროტესტის მოთხოვნასა და მის შესრულებაზე არ უსაუბრიათ.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 36-ე დღეა, რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს და შეწყვეტაზე უარს ამბობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მკურნალობას ციხის საავადმყოფოში არ გააგრძელებს, თუმცა, საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ამტკიცებენ, რომ ექსპრეზიდენტს მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ და არა კერძოში. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. ომბუდსმენის აპარატმა სამკურნალო დაწესებულება მეორედაც შეამოწმა და განაცხადა, რომ კლინიკაში სამედიცინო ვითარება სრულად ისევ არ შეესაბამება რეკომენდაციებს.

კომენტარები