კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: პრეზიდენტთან განვიხილეთ მწვანე საშვის კონცეფცია, მივიღებთ გადაწყვეტილებას

თამარ გაბუნია

 "საბჭომ განიხილა წინადადებები, რაც წარმოადგინა ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მწვანე საშვის გამოყენებასთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით კონსულტაციები გაგრძელდება და დამატებით ჩაინიშნება საბჭოს სხდომა იმისთვის, რომ მიღებულ იქნას საბოლოო გადაწყვეტილება". – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ისაუბრა. 

გაბუნიას თქმით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ჩართულობით საბჭომ შეიმუშავა მწვანე საშვის კონცეფცია, რაზეც დამატებითი კონსულტაციების შემდეგ მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება. 

"დღეს პრეზიდენტი ზურაბიშვილი ესწრებოდა საკოორდინაციო საბჭოს სხდომას და დღევანდელ საბჭოზე საუბარი იყო მწვანე საშვის კონცეფციასთან დაკავშირებით. ძირითადად ამას შეეხო ყველა პარამეტრის, როგორც ადამიანის უფლებების კუთხით, ასევე ფინანსური და ეკონომიკური გავლენის კუთხით, ბიზნეს აქტივობაზე ზემოქმედების კუთხით, ყველა ამ აქტივობას გარკვეული საკითხები დაზუსტდება და ამის განსახილველად საბჭო დამატებით შეიკრიბება". – თქვა გაბუნიამ

გაბუნიამ აღნიშნა, რომ მწვანე საშვის კონცეფცია, მოიცავს სამ კომპონენტს, რომლიდანაც ერთის დაკმაყოფილების შემთხვევაში ადამიანი კოვიდუსაფრთხოდ ჩაითვლება.

"რაც შეეხება მწვანე საშვის კონცეფციას, რომელიც არის არაპირდაპირი რეგულირება და სავალდებულო მოთხოვნა რომელიმე ერთი პარამეტრის, რომელიც აღწერს პირის ეპიდუსაფრთხოების სტატუსს. ეს არის ვაქცინაცია, ეს არის ანტიგენ ტესტირება ყოველდღიურ რეჟიმში, ეს არის PCR ტესტირება 72 საათში და ასევე გადატანილი ინფექცია 14 დღიდან 6 თვის ინტერვალში. ამ სამი პარამეტრიდან ერთი ნიშნავს, რომ პირი შეიძლება ჩაერთოს ბიზნეს ან სოციალურ აქტივობაში და ბევრი ქვეყანა ამას უკვე იყენებს". – თქვა გაბუნიამ

გუშინ, 4 ნოემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მიუღებელია პანდემიის გამო ნებისმიერი სახის ჩაკეტვა და ეკონომიკური შეზღუდვა, შესაბამისად, ხელისუფლებას მოუწოდა სავალდებულო აცრის შემოღებისკენ მოუწოდა. 

"მივმართავ ხელისუფლებას, რათა სასწრაფო და მკაცრი ზომები იყოს მიღებული - სავალდებულო აცრა რისკჯგუფებისთვის, კოვიდ პასპორტის შემოტანა საჯარო სივრცეებში შესვლისთვის და თუნდაც ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის". – თქვა ზურაბიშვილმა

საქართველოში COVID-19-ით კიდევ 53 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 48 615 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 5 206 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 648 პაციენტი. 

დღიური დადებითობა 10.71%-ია, ბოლო 7 დღის - 9.77%, ბოლო 14 დღის კი - 9.34%.  

 5 206 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 885 დადასტურდა, აჭარაში - 193, იმერეთში - 979, ქვემო ქართლში - 360, შიდა ქართლში - 428, გურიაში - 142, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 378, კახეთში - 530, მცხეთა-მთიანეთში - 118, სამცხე-ჯავახეთში - 157, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში -36. 

4 ნოემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 738 171 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 10 238 ადამიანი გარდაიცვალა, 678 288 კი გამოჯანმრთელდა. 

ქვეყანაში კორონავირუსის 49 619 აქტიური შემთხვევაა. ამ ეტაპზე, 1 640 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში - 615 მკურნალობს, აჭარაში - 132, იმერეთში - 504. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 338 ადამიანია,  მათგან თბილისში - 186, აჭარაში - 40, იმერეთში - 31. 

 

კომენტარები