თავდასხმა აქტივისტზე

შსს-მ რუსთავში ოპოზიციის აქტივისტზე თავდასხმის საქმეზე 2 ადამიანი დააკავა

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში ოპოზიციის აქტივისტზე, გიორგი ბალხამიშვილზე თავდასხმის საქმეზე 2 ადამიანი - 2000 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.ა. და 2001 წელს დაბადებული რ.ჭ დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 3 ნოემბერს, N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გამართული აქციის ერთ-ერთ მონაწილეს - 1999 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს, აქციიდან სახლში დაბრუნებისას, რუსთავში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს". - წერია განცხადებაში. 

გიორგი ბალხამიშვილმა თქვა, რომ თავს "ქართული ოცნების ზონდერ-ჯგუფები" დაესხნენ. 

"კონკრეტულად ერეკლე აბზიანიძეა ამ ადამიანის სახელი და გვარით, ის აქტიურობდა ინფო რუსთავის პორტალზე, ვინც ქართული ოცნების მისამართით კრიტიკულ კომენტარებს წერდა, უვარდებოდა და ემუქრებოდა. მან ეს ყველაფერი შეასრულა ვერაგულად და არაკაცულად, სამი კაცი დამესხა თავს და მომაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ეს მოხდა ბენზინგასამართი სადგურის ჩაბნელებულ ტერიტორიაზე. საპატრულო პოლიციამ შეავსო ოქმი და იმედი მაქვს, საკუთარ მოვალეობას შეასრულებენ პირნათლად". - თქვა მან.  

კომენტარები