იუსტიციის უმაღლესი საბჭო

კელი მოსამართლეთა დანიშვნაზე: პირდაპირ ვთქვათ, ეს არ არის დემოკრატია

იან კელი
RFE/RL

"პირდაპირ ვთქვათ, ეს არ არის დემოკრატია" – ასე გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი 31 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი მოსამართლე წევრის დანიშვნას. კელი Twitter-ზე საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებას ციტირებს, რომელმაც საბჭოს წევრთა დანიშვნაზე დაწერა, რომ პროცესი არც კონკურენტული იყო და არც გამჭვირვალე.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო 31 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ორი მოსამართლე წევრის დანიშვნას გამოეხმაურა. საელჩო თვლის, რომ წევრთა დანიშვნის პროცესი არც კონკურენტული იყო და არც გამჭვირვალე. აშშ-ს საელჩო აღნიშნავს, რომ როდესაც მოსამართლეთა კონფერენცია ნაჩქარევად იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს კონკურსისა და გამჭვირვალობის გარეშე, იგი წარმოაჩენს, რომ არ სურს რეფორმების განხორციელება გამჭვირვალობის გასაძლიერებლად და სისტემის მიმართ ნდობის გასაზრდელად.

მოსამართლეთა დანიშვნას გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელიც, რომელიც წერს, რომ დანიშვნები ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული იყო.

31 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ XXX კონფერენციაზე ორი ახალი მოსამართლე წევრი აირჩია. კონფერენციამდე უფლებამოსილება ვადამდე შეიწყვიტა საბჭოს ორმა მოქმედმა წევრმა, თამარ ონიანმა, რომელსაც უფლებამოსილება 2022 წლის 24 მარტს ეწურებოდა და თეა ლეონიძემ, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ზუსტად ერთი წლის წინ იქნა არჩეული.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) მიიჩნევს, რომ წევრთა დანიშვნა წარმოადგენს სასამართლოში არსებული კლანის წარმატებულ მცდელობას, სხვა საკითხებზე მიმართული საზოგადოებრივი ინტერესის ფონზე დააკომპლექტოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მისთვის სანდო და ლოიალური მოსამართლეებით და მომდევნო წლების განმავლობაში გარანტირებულად შეინარჩუნოს გავლენა იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე.

კომენტარები