არჩევნები 2021

ხაბეიშვილი: საკრებულოში ჩვენი არმუშაობა არც კი განიხილება, პარლამენტში არ დავრჩებით

ლევან ხაბეიშვილი
საქართველოს პარლამენტი

"არც კი განიხილება ჩვენი რაიონული ორგანიზაციების არმუშაობა საკრებულოში. მიუხედავად იმისა, რომ მოიპარეს არჩევნები, ძალიან ბევრ ქალაქში უმრავლესობა აქვს ნაციონალურ მოძრაობას" - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა თქვა.

მისი თქმით, საკრებულოებში შესვლა-არშესვლის საკითხი არც კი განიხილება.

"რა თქმა უნდა, საკრებულოებში იქნება ჩვენი წარმომადგენლობა წარმოდგენილი და განსაკუთრებით იქ, სადაც ქართულ ოცნებას ფიზიკურად გაყალბებული არჩევნების მოუხედავად არ აქვს უმრავლესობა. რაც შეეხება ენმ-ს საპარლამენტო ფრაქციას და მის მანდატებს, ნაციონალური მოძრაობა უახლოეს პერიოდში მიიღებს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. მიხეილ სააკაშვილის მოწოდება, რომელიც არის ტყვეობაში, რომელიც შიმშილობს ჩვენთვის წარმოუდგენელია და ცხადია, რომ მის პოზიციას გავიზიარებ. მზად ვარ ეს მანდატი დავტოვო, რადგან არც არასდროს ყოფილა მნიშვნელოვანი. ის, რომ პარლამენტში ფრაქცია მუშაობას არ გააგრძელებს, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ. ქართული ოცნების რუსული ოცნების პარლამენტში ნაციონალური მოძრაობა წარმოდგენილი არ იქნება. პარტიას ექნება გუნდური, ერთიანი გადაწყეტილება, პარტია იქნება ერთიანი ისევე, როგორც სხვა გადაწყვეტილებებში, ბიუროკრატიულად, პროცესუალურად, იურიდიულად, როგორც მიეცემა ამას მსვლელობა, ამაზე განცხადებას პარტია გააკეთებს". - ამბობს ხაბეიშვილი 

მიხეილ სააკაშვილმა 1-ელ ნოემბერს თანამებრძოლებს მოუწოდა, რომ პარლამენტი დატოვონ. საკანონმდებლო ორგანოს დატოვებაზე გადაწყვეტილება უკვე მიიღეს ნონა მამულაშვილმა, ანი წითლიძემ, ლევან ვარშალომიძემ, ზურაბ ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ. 

კომენტარები