მიხეილ სააკაშვილის დაკავება

პენიტენციური სამსახური: ტყუილია, თითქოს სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა იგეგმება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ნიკა გვარამიას გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია და მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანას არ აპირებენ.

"ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ბრალდება, თითქოს მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი არხის დირექტორის და  მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ხელისუფლება ექსპრეზიდენტის გორის ჰოსპიტალში გადაყვანას აპირებს.

"ასევე, გვაქვს ინფორმაცია, რომ გორის ჰოსპიტალში, შესაძლოა, დაიგეგმოს ე.წ. ოსური სპეცრაზმის მიერ მიხეილ სააკაშვილის გატაცება. არსებობს რეფერალური კლინიკა, სადაც ყველა პატიმარი გადაჰყავთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და კეთილი ინებონ და გადაიყვანონ იქ, ნუ აკეთებენ გამონაკლისებს სააკაშვილის წინააღმდეგ" -  უთხრა გვარამიამ ჟურნალისტებს რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. ის მას შემდეგ შიმშილობს. პირადი ექიმი მის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს, იუსტიციის მინისტრის და პრემიერმინისტრის თქმით კი, მიხეილ სააკაშვილის საჭიროების შემთხვევაში გლდანის ციხის საავადმყოფოში მოათავსებენ.

კომენტარები