არჩევნები 2021

კობახიძე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში მმართველობა ეფექტიანი გახდეს

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის შედეგებს განცხადებით ეხმაურება. მისი თქმით, ხელისუფლებაში მყოფი პარტია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მათი მმართველობა საქართველოში მაქსიმალურად ეფექტიანი გახდეს.

"ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული ოცნების მყარი ლეგიტიმაცია, რომელიც ჩვენ უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს, მომდევნო წლების განმავლობაში მაქსიმუმი გავაკეთოთ ნდობის გასამართლებლად, დაწყებული საქმეების ბოლომდე მისაყვანად და ახალი ინიციატივების წამოსაწყებად. ამავდროულად, ჩვენ ვალდებული ვართ, ყურად ვიღოთ იმ მოქალაქეების პრეტენზიებიც, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ჩვენს პარტიას. ბუნებრივია, ამგვარი პრეტენზიები ჩვენს მიმართ ჩვენს მხარდამჭერებსაც აქვთ. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გამოვასწოროთ ის ხარვეზები, რომლებსაც ჩვენი მოქალაქეები ხედავენ და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ის, რაც ხალხს ქართული ოცნების მმართველობაში მოსწონს. მომდევნო წლების განმავლობაში, გაკეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ მმართველობა საქართველოში მაქსიმალურად ეფექტიანი გახდეს". - წერს პარტიის თავმჯდომარე.

კობახიძე ხაზს უსვამს, რომ ეს იყო პირველი არჩევნები, რომელიც მმართველმა პარტიამ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მოიგო.

"შეგახსენებთ, რომ ჩვენთვის ეს იყო პირველი არჩევნები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ ჩავატარეთ. ასეთი მასშტაბის დანაკლისის შევსება მხოლოდ გუნდის ერთიანობით იყო შესაძლებელი და ჩვენ სწორედ ეს შევძელით - დღეს ქართული ოცნება არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ლიდერების გუნდი, რომელიც ყველა გამოწვევას ერთიანობით უპირისპირდება. სწორედ ეს ერთიანობა გახდა ჩვენი შთამბეჭდავი გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი". - აცხადებს კობახიძე.

პარალელურად, ხელისუფლებაში მყოფი პარტიის თავმჯდომარე გვახსენებს, რომ არჩევნების წინ ქართულ ოცნებას არაერთი სირთულე შეუქმნეს, თუმცა, მათ ამ სირთულეების გადალახვა წარმატებით მოახერხეს.

"შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს წინ უძღოდა სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟი, ექვსთვიანი ხელოვნური კრიზისი, ორი დამნაშავის გათავისუფლება. ამ მოვლენებმა, ბუნებრივია, არჩევნების წინ, დამატებითი სირთულეები შეგვიქმნა. თუმცა, სათანადოდ გააზრებული ნაბიჯებით, ჩვენ ამ სირთულეების დაძლევაც წარმატებით შევძელით". - აღნიშნავს კობახიძე.

კომენტარები