ლიუბოვ სობოლი

მედია: ნავალნის კოლეგა, რუსი ოპოზიციონერი ლიუბოვ სობოლი აგვისტოში საქართველოში არ შეუშვეს

ლიუბოვ სობოლი

ოპოზიციური რუსული მედიის, Дождь-ის ცნობით, მათ დაპატიმრებული რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის კოლეგამ, ლიუბოვ სობოლმა უთხრა, რომ ის ამ წლის აგვისტოში საქართველოში არ შეუშვეს.

სობოლის თქმით, მან აგვისტოში, სომხეთში ცხვირის ოპერაცია გაიკეთა, რის შემდეგაც საქართველოში გადასვლას და ცოტა ხნით გაჩერებას გეგმავდა.

"სომხეთიდან თვითმფრინავები ცუდად დაფრინავენ. სხვა ქვეყანაში გადასვლა საქართველოდან უფრო მარტივია. თუმცა, როცა [საქართველოს] საზღვართან მანქანით მივედი, ჩვენ შეგვაჩერეს და გვითხრეს, რომ საბუთებში რაღაცას აზუსტებდნენ. ვვარაუდობ, რომ მათ მონაცემებში ჩემს გვარზე რაღაც აღნიშნვა იქნებოდა. რადგან, ქალი მესაზღვრე, როდესაც საბუთებს ავსებდა, როგორც ჩანს, აღნიშნვა დაინახა. ჩემი თანმხლები პირები დაუყოვნებლივ შეუშვეს, მე საზღვარზე ვიდექი. ერთი საათის შემდეგ ჩემთან [სასაზღვროს] თანამშრომელი მოვიდა, კამერა ჩართო და მითხრა, რომ შეშვებაზე უარს მეუბნებიან. მე მათ მიზეზის დაზუსტება ვთხოვე, მაგრამ მათ მითხრეს, რომ ვერაფრით დამეხმარებოდნენ და მხოლოდ უნდოდათ ხელი მომეწერა ქაღალდზე, რომ [ქვეყანაში] შეშვებაზე უარი მივიღე", – ამბობს Дождь-თან ლიუბოვ სობოლი.

სობოლის აზრით, მისი ქვეყანაში არშეშვების მიზეზი ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს არ სურთ ურთიერთობა გაიფუჭონ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან. 

"არანაირი ისეთი ქმედება არ ჩამიდენია, რაც საქართველოს მიმართ მტრულად ჩაითვლება. რამდენიმე ხნის წინ იყო შემთხვევა, როცა [საქართველოში] არ შეუშვეს ჟურნალისტი ილია აზარი, თუმცა ის, აქამდე, როგორც ჩანს. აფხაზეთში იყო ნამყოფი. მე აფხაზეთში არ ვყოფილვარ, სხვა ისტორია, რაც შეიძლება არამეგობრულად ჩაითვალოს, არ ყოფილა. საქართველოში ბევრი ნაცნობი მყავს, მე მომწონს ეს ქვეყანა, კულტურა, ენა. და საკმაოდ საწყენი და არასასიამოვნოა ასეთი გადაწყვეტილება, თუნდაც პირად დონეზე. როგორც მე ვხვდები, ეს დაკავშირებულია მხოლოდ იმასთან, რომ ქვეყნის მთავრობას და ხელისუფლებაში მყოფ ხალხს არ სურთ პუტინთან ურთიერთობის გაფუჭება", – ამბობს რუსი ოპოზიციონერი, ლიუბოვ სობოლი. 

ლიუბოვ სობოლის თქმით, ამჟამად ნებისმიერი ადამიანისთვის, არაპოლიტიკოსებისთვისაც კი, არსებობს შესაძლებლობა, რომ საქართველოში უბრალოდ, მიზეზის უთქმელად არ შეუშვებენ.

20 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციონერი ქალი რუსეთის ფედერაციამ ძებნაში გამოაცხადა. რუსეთში, აგვისტოს დასაწყისში მას ერთი წლითა და ნახევრით შინაპატიმრობა მიუსაჯეს. შეზღუდვის მიხედვით, მას არ შეეძლო ღამე სახლიდან გასვლა და მოსკოვის ფარგლების დატოვება.


რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციონერიპოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის თანამოაზრე ლიუბოვ სობოლი ძებნილად გამოაცხადა. 

სობოლის მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა სიაში დაემატა. უწყების ინფორმაციით, სობოლის ძებნილად სისხლის სამართლის მუხლით გამოცხადდა.

ლიუბოვ სობოლი ალექსეი ნავალნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამოაზრე და მხარდამჭერია. ის ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის ადვოკატი იყო. ნავალნის ორგანიზაცია ივნისში "ექსტრემისტულ" ორგანიზაციად გამოცხადდა.

აგვისტოში, მედიამ გაავრჩელა ინფორმაცია, რომ სობოლმა რუსეთი დატოვა. თავდაპირველად ის თურქეთში წავიდა. მოგვიანაებით თავად სობოლმა თქვა, რომ სომხეთში ექიმი მოინახულა.

5 აგვისტოს ლიუბოვ სობოლი სასამართლომ დამნაშავედ ცნო 23 იანვარს მოსკოვში საპროტესტო აქციაზე სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევისკენ მოწოდებაში. მას 1.5 წლით თავისუფლების შეზღუდვა მიუსაჯეს. სობოლს საცხოვრებელი სახლის 22:00 საათიდან 06:00-მდე დატოვება, მასობრივი თავშეყრის ღონისძიებებზე დასწრება და მოსკოვის დატოვება აეკრძალა.  ასევე დაევალა თვეში სამჯერ აღრიცხვაზე გამოცხადება. სასამართლოს გადაწყვეტილება დაცვის მხარემ გაასაჩივრა და ჯერ ძალაში არ შესულა. სობოლი ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

სობოლის წინააღმდეგ სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ნორმების დარღვევისთვის საქმე 23 იანვარს, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციის შემდეგ, აღძრეს. იანვარში მოსკოვის მერის განკარგულებით, ყველა საჯარო შეკრება ქალაქში კორონავირუსის პანდემიის გამო აკრძალული იყო. ე.წ "სანიტარულ საქმეზე" ბრალდებები სობოლის გარდა 9 ადამიანს წაუყენეს: ალექსეი ნავალნის ძმას, ოლეგს, ნავალნის პრესმდივან კირა იარმიშს, ანტიკორუფციული ფონდის თანამშრომელს, ნიკოლაი ლიასკინს, Pussy Riot-ის წევრ მარია ალეხინას,  პროფკავშირის "ექიმების ალიანსის" თავმჯდომარეს, ანასტასია ვასილიევას, დეპუტატებს – დენის ბარანოვსკის, ლიუსია შტეინს და კონსტანტინ იანკაუსკასს.

აპრილში ლიუბოვ სობოლს კიდევ ერთ საქმეზე, ე.წ "ბინის საქმეზე" ერთი წლით გამოსასწორებელი სამუშაოები და დამატებით ერთი წლით გამოსაცდელი ვადა მიუსაჯეს. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, სობოლმა უკანონოდ შეაღწია კონსტანტინ კუდრიავცევის ბინაში. კუდრიავცევი ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ ჟურნალისტური გამოძიების ფიგურანტია. გამოძიების თანახმად, ის ФСБ-ს თანამშრომელია და ნავალნის მოწამვლის ოპერაციაში იღებდა მონაწილეობას. თავად კუდრიავცევი საქმეში დაზარალებული არ იყო, დაზარალებულის სტატუსი მისი ოჯახის წევრებს ჰქონდათ. ლიუბოვ სობოლი ბრალს არ აღიარებს.

ვრცლად, ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ ჟურნალისტურ გამოძიებაზე და შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში: როგორ გამოიძია ალექსეი ნავალნიმ საკუთარი მკვლელობის მცდელობა

კომენტარები