ლიუბოვ სობოლი

რუსული მედია: ალექსეი ნავალნის თანამოაზრემ, ლიუბოვ სობოლმა რუსეთი დატოვა

ლიუბოვ სობოლი
 Vedomosti / TASS

ალექსეი ნავალნის თანამოაზრემ, ლიუბოვ სობოლმა რუსეთი დატოვა. ინფორმაციას სხვადასხვა რუსული მედია, მათ შორის სამთავრობო არხები RT და REN TV, გამოცემა Interfax-ი ავრცელებს. დამოუკიდებელი მედია Эхо Москвы-ს მთავარი რედაქტორიც ამბობს, რომ სობოლმა ქვეყანა დატოვა. ინფორმაცია თავად სობოლს და მის გარემოცვას არ დაუდასტურებია.

ლიუბოვ სობოლი ალექსეი ნავალნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამოაზრე და მხარდამჭერია. ის ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის ადვოკატი იყო. ნავალნის ორგანიზაცია ივნისში "ექსტრემისტულ" ორგანიზაციად გამოცხადდა.

5 აგვისტოს ლიუბოვ სობოლი სასამართლომ დამნაშავედ ცნო 23 იანვარს მოსკოვში საპროტესტო აქციაზე სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევისკენ მოწოდებაში. მას 1.5 წლით თავისუფლების შეზღუდვა მიუსაჯეს. სობოლს საცხოვრებელი სახლის 22:00 საათიდან 06:00-მდე დატოვება, მასობრივი თავშეყრის ღონისძიებებზე დასწრება და მოსკოვის დატოვება აეკრძალა.  ასევე დაევალა თვეში სამჯერ აღრიცხვაზე გამოცხადება. სასამართლოს გადაწყვეტილება დაცვის მხარემ გაასაჩივრა და ჯერ ძალაში არ შესულა. სობოლი ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

სობოლის წინააღმდეგ სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ნორმების დარღვევისთვის საქმე 23 იანვარს, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციის შემდეგ, აღძრეს. იანვარში მოსკოვის მერის განკარგულებით, ყველა საჯარო შეკრება ქალაქში კორონავირუსის პანდემიის გამო აკრძალული იყო. ე.წ "სანიტარულ საქმეზე" ბრალდებები სობოლის გარდა 9 ადამიანს წაუყენეს: ალექსეი ნავალნის ძმას, ოლეგს, ნავალნის პრესმდივან კირა იარმიშს, ანტიკორუფციული ფონდის თანამშრომელს, ნიკოლაი ლიასკინს, Pussy Riot-ის წევრ მარია ალეხინას,  პროფკავშირის "ექიმების ალიანსის" თავმჯდომარეს, ანასტასია ვასილიევას, დეპუტატებს – დენის ბარანოვსკის, ლიუსია შტეინს და კონსტანტინ იანკაუსკასს.

იანკაუსკასს ბრალდებები მას შემდეგ მოუხსნეს, რაც მან საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. იარმიში, სტეპანოვი, ალეხინა და ბარანოვსი შინაპატიმრობაში იმყოფებიან. საქმის დანარჩენს ფიგურანტებს სხვადასხვა შეზღუდვები აქვთ. ლიუბოვ სობოლს იანვრიდან აპრილამდე შინაპატიმრობა ჰქონდა მისჯილში, შემდეგ მას აღმკვეთი ზომა გარკვეული მოქმედებების შეზღუდვით შეუცვალეს.

ყველა ბრალდებულის საქმეს სხვადასხვა სასამართლო განიხილავს.

აღსანიშნავია, რომ აპრილში ლიუბოვ სობოლს კიდევ ერთ საქმეზე, ე.წ "ბინის საქმეზე" ერთი წლით გამოსასწორებელი სამუშაოები და დამატებით ერთი წლით გამოსაცდელი ვადა მიუსაჯეს. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, სობოლმა უკანონოდ შეაღწია კონსტანტინ კუდრიავცევის ბინაში. კუდრიავცევი ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ ჟურნალისტური გამოძიების ფიგურანტია. გამოძიების თანახმად, ის FSB-ს თანამშრომელია და ნავალნის მოწამვლის ოპერაციაში იღებდა მონაწილეობას. თავად კუდრიავცევი საქმეში დაზარალებული არ იყო, დაზარალებულის სტატუსი მისი ოჯახის წევრებს ჰქონდათ. ლიუბოვ სობოლი ბრალს არ აღიარებს.

ვრცლად, ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ ჟურნალისტურ გამოძიებაზე და შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში: როგორ გამოიძია ალექსეი ნავალნიმ საკუთარი მკვლელობის მცდელობა

 

კომენტარები