ლიუბოვ სობოლი

კანდელაკი: სობოლის არშემოშვება დასტურია, რომ საქართველო რუსეთის სატელიტად გადაიქცა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კანდელაკი ხელისუფლებასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს, განმარტონ, თუ რა გახდა რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ლიუბოვ სობოლისთვის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის მიზეზი. კანდელაკი გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს და ამბობს, რომ ეს ცხადყოფს საქართველოს რუსეთის სატელიტად გადაქცევას.

"საზოგადოებას მოეხსენება, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთის დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერმა და ალექსეი ნავალნის მოძრაობაში, ფაქტობრივად, წონით მეორე ფიგურამ, ლიუბოვ სობოლმა განაცხადა, რომ რამდენიმე თვის წინ იგი არ შემოუშვეს საქართველოს ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეებში ძირითადი ყურადღება არჩევნებისკენ იყო მიმართული, ეს იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენა და პოლიტიკური განაცხადია, რომ ამ მოვლენამ უკვე მიიპყრო საქართველოს მხარდამჭერების ყურადღება.

ლიუბოვ სობოლი, როგორც უკვე ვთქვი არის რუსეთის დემოკრატიული ოპოზიციის ნომერ მეორე ფიგურა დაპატიმრებული ალექსეი ნავალნის შემდეგ და მისი პოლიტიკური კალიბრიდან გამომდინარე თეორიულადაც გამორიცხულია, რომ რაიმე შეცდომასთან გვქონდეს საქმე. მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლება ხელგაშლილი ხვდება პუტინის პროპაგანდისტებს, იგივე გავრილოვს, რომელიც აფხაზეთის ომში მონაწილეობდა 1992-1993 წლებში, ასევე, როცა აქ ჩამოდის დაბადების დღის აღსანიშნავად კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ბატონი პოზნერი სხვა ფიგურებთან ერთად, მაგალითად, სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TAS-ის დირექტორთან და სპუტნიკის დირექტორის მოადგილესთან ერთად. ამ ყველაფრის ფონზე, როცა შემოსვლა ეკრძალება რუსეთის დემოკრატიული ოპოზიციისა და მე მწამს, რომ მომავალი მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურას, ეს თავისთავად არის კაშკაშა, ძალიან ხმამაღალი პოლიტიკური განაცხადი და დასტური იმისა, რომ ამ სადღეგრძელოების მიღმა საქართველოს დრეიფი რუსეთის საგარეო პოლიტიკურ ორბიტაზე და საქართველოს გადაქცევა რუსეთის ფედერაციის სატელიტად უკვე შემდგარი ფაქტია". – თქვა გიორგი კანდელაკმა.

29 ოქტომბერს ოპოზიციურმა რუსულმა მედიამ, Дождь-მა დაწერა, რომ აგვისტოში რუსი ოპოზიციონერი ლიუბოვ სობოლი საქართველოში არ შეუშვეს. სობოლის თქმით, მან აგვისტოში სომხეთში ცხვირის ოპერაცია გაიკეთა, რის შემდეგაც საქართველოში გადასვლას და ცოტა ხნით გაჩერებას გეგმავდა.

კომენტარები