არჩევნები 2021

გვარამია: მთავარი არხი ასრულებს დაპირებას და ეგზიტპოლს ჩაატარებს

TV მთავარის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, მიუხედავად IPSOS-თან თანამშრომლობის შეწყვეტისა, ტელეკომპანია ეგზიტპოლს მაინც ჩაატარებს და შედეგები საღამოს 8 საათისთვის იქნება ცნობილი.

"ჩვენ არ დავუშვებთ ეგზიტპოლის გარეშე არჩევნების ჩატარებას და ტელეკომპანია იმედის ეგზიტპოლის და ცესკოს ციფრების ამარა ჩვენ ქართველ ხალხს არ დავტოვებთ. მთავარი არხი ასრულებს თავის დაპირებას და ხვალ აპირებს ეგზიტპოლის ჩატარებას, ამას დაზუსტებით გეუბნებით და საღამოს 8 საათზე ელოდეთ ჩვენი ეგზიტპოლის შედეგებს", - ამბობს გვარამია.

28 ოქტომბერს მთავარმა არხმა კომპანია IPSOS-თან თანამშრომლობა შეწყვიტა, მიზეზად კი კომპანიის მიერ კონტრაქტის უხეშად და არაკეთილსინდისიერად დარღვევა დაასახელა. არხის დირექტორი, ნიკა გვარამია ფაქტს "დივერსიას" უწოდებს და წერს, რომ არჩევნებამდე დარჩენილ დროში ახალი მკვლევარი ორგანიზაციის დაკონტრაქტება, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია, თუმცა ინტენსიურად იმუშავებენ ამ საკითხზე, რათა არჩევნებზე მაინც შეძლონ ეგზიტპოლის ჩატარება.

IPSOS-მა მთავარი არხის საპასუხო განცხადება გამოაქვეყნა, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა ეგზიტპოლების დამთვლელ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა შეწყვიტა. IPSOS-ის განმარტებით, მთავარმა არხმა არასწორად გამოაქვეყნა შეუწონავი შედეგები, რაც გასაჯაროებისთვის განკუთვნილი არაა.

 

კომენტარები