Facebook

რა არის მეტავერსი და რის შექმნას ცდილობს FACEBOOK-ი? 

Facebook

რა არის მეტავერსი და რის შექმნას ცდილობს FACEBOOK-ი? 

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Facebook-ის ახალი სახელწოდება Meta გახდა. დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის განმარტებით, ეს მოვლენა კომპანიის ძირითადი მიმართულების შეცვლითაა გამოწვეული. 

Facebook-ის ანალიტიკოსებს კარგად ესმით, რომ ორგანზომილებიანმა (2D) სოციალურმა პლატფორმებმა, რომელთაც სმარტფონებითა და კომპიუტერებით ვიყენებთ, შესაძლებლობების მაქსიმუმს მიაღწიეს. ამაზე ის სტატისტიკაც მეტყველებს, რომ ახალგაზრდებში Facebook-ის პოპულარობა იკლებს და მომხმარებლები კონკურენტი კომპანიების სოციალურ პლატფორმებს ირჩევენ. 

Facebook-ი ვერ დაუშვებს, რომ ტექნოლოგიურ პროგრესს ჩამორჩეს და მომდევნო ათწლეულიც იმ იმედით გაატაროს, რომ მათ აწ უკვე მოძველებულ სოციალურ ქსელებს სხვა კომპანიების ინოვაციური პროდუქტები ვერ ჩაანაცვლებენ. 

მარკ ცუკერბერგის აზრით, ინტერნეტის მომავალი სამგანზომილებიანია (3D), კომპანიის ძირითადი მიმართულება კი მეტავერსის, ანუ 3D ვირტუალური სამყაროს შექმნა უნდა იყოს.

რა არის მეტავერსი? 

მეტავერსი ინტერნეტის განვითარების წარმოსახვითი მომავალია, 3D ვირტუალური სივრცეების გაერთიანება, სადაც ერთმანეთის პარალელურად რამდენიმე ციფრული სამყარო არსებობს და მომხმარებლებს შეუძლიათ, სასურველ წარმოსახვით სამყაროში იცხოვრონ.

Facebook-ის შემთხვევაში, მეტავერსი ვირტუალური სივრცეა, რომელთან წვდომა VR ჩაფხუტის ან სმარტ სათვალის მეშვეობითაა შესაძლებელი. მისი ფორმა, დიზაინი და დანიშნულება მომხმარებლის სურვილის მიხედვით იცვლება, თუმცა, ძირითად თამაშის წესებს, ანუ ვირტუალური სამყაროს ფიზიკის კანონებს კომპანია Meta და ცუკერბერგი აწესებენ. 

მეტავერსი რეალური სამყაროსა და კომპიუტერული თამაშების ერთგვარი შერწყმაა. მომხმარებლები ირჩევენ თავიანთ ავატარს, რომელსაც ნებისმიერ სახის გარეგნობა შეიძლება ჰქონდეს, იქნება ეს რეალურთან მიმსგავსებული თუ წარმოსახვითი. 

ავატარის არჩევის შემდეგ, მომხმარებლები ვირტუალურ სამგანზომილებიან სამყაროში გადადიან, სადაც თითქმის ყველაფრის გაკეთებაა შესაძლებელი. 

მარკ ცუკერბერგი ციფრული ავატარის შერჩევისას. კადრი Meta-ს პრეზენტაციიდან. 

თუკი დიუნის ნახვის შემდეგ მეგობრებთან ერთად უდაბნოში მოგზაურობა მოგინდებათ, მეტავერსი ამის საშუალებას მოგცემთ; ან საყვარელ ადამიანთან ერთად პარიზის ღამის ქუჩებში გასეირნება და მუზეუმის დათვალიერება – მეტავერსისთვის არც ეს იქნება პრობლემა. 

თუ არ მოგწონთ თქვენი ოფისის დიზაინი და სამუშაო გარემო, სავსებით შესაძლებელია, რომ ორგანიზაციის თანამშრომლებმა ერთად გადაინაცვლოთ ვირტუალურ სამუშაო სივრცეში, რომლის დიზაინსაც თავად შეარჩევთ და საკონფერენციო დარბაზს, მაგალითად, სატურნის ორბიტაზე განათავსებთ. 

შეხვედრა კოსმოსში, კადრი Meta-ს პრეზენტაციიდან.

კოსმოსში მოგზაურობით დაწყებული, საყვარელი არტისტის კონცერტზე დასწრებით დამთავრებული, მეტავერსის თეორიული შესაძლებლობები განუზომელია. 

ამ ვირტუალური სამყაროთი სარგებლობისათვის კი, კომპანია Meta-ს სმარტ სათვალე ან VR ჩაფხუტი დაგჭირდებათ. 

არასრული მეტავერსის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი ვიდეო თამაშ Fortnite-ში გამართული ტრავის სკოტის კონცერტია, რომელსაც ასიათასობით მოთამაშე ესწრებოდა. 


ვირტუალური ეკონომიკა 

ნებისმიერი კომერციული კომპანიის მთავარი მიზანი მოგების მიღებაა, არც Meta წარმოადგენს გამონაკლისს. ამჟამად კომპანიის შემოსავლის ძირითადი წყარო სოციალურ ქსელებზე რეკლამის გაყიდვაა. 

მეტავერსის შექმნა ტრილიონიანი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე ტექნოლოგიურ გიგანტს შემოსავლის წყაროს დივერსიფიკაციის საშუალებას მისცემს, რადგან ვირტუალურ სამყაროში მომხმარებლების ყურადღების გარდა, სხვა სახის პროდუქტების გაყიდვაც იქნება შესაძლებელი. 

ამჟამად არსებულ მეტავერსულ სამყაროებში შემოსავლის მიღების მრავალი საშუალება არსებობს, მაგალითად: მიწებისა და უძრავი ქონების გაყიდვა; ბარების, კლუბების, მუზეუმების, თეატრებისა თუ გასართობი ცენტრების გაქირავება და ბილეთების გაყიდვა; პროდუქტებითა და სერვისებით ვაჭრობა და ა.შ. 

მეტავერსული სამყაროების დიდი ნაწილი ამჟამად ბლოკჩეინზეა დაფუძნებული და ტრანზაქციისთვის კრიპტოვალუტას იყენებს, კომპანია Meta-ს სოციალური მეტავერსი, დიდი ალბათობით, ცენტრალიზებულ მოდელზე იქნება დაფუძნებული და შიდა ტრანზაქციებიც, სავარაუდოდ, საკუთარ კრიპტოვალუტაში განხორციელდება. 

რისი ყიდვა/გაყიდვა იქნება მეტავერსში შესაძლებელი, ამის დანამდვილებით თქმა ჯერ შეუძლებელია, თუმცა მეტავერსებში არსებული გამოცდილება აჩვენებს, რომ მომხმარებლები მზად არიან, საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადონ ქალაქის პრესტიჟულ ადგილებში არსებულ მიწის ნაკვეთსა და უძრავ ქონებაში, ასევე, ხელოვნების იშვიათ ნიმუშებსა და ექსკლუზიურ ღონისძიებებში (წვეულებები, კონცერტები). 

დეცენტრალიზებული მეტავერსი, The Sandbox.  ვირტუალური მიწის ნაკვეთის მფლობელთა რუკა.

სავარაუდოდ, მეტავერსში ციფრულ სარეკლამო ბანერებსაც ვიხილავთ, ისე, როგორც რეალურ სამყაროში. 

ამჟამად მეტავერსის ეკონომიკურ შესაძლებლობებზე საუბარი იმდენად რთულია, რამდენადაც 90-იან წლებში ინტერნეტის რეალური მასშტაბებისა და პოტენციალის განჭვრეტა, თუმცა, უდავოა, რომ ეს ტექნოლოგია უდიდეს ცვლილებებს გამოიწვევს სოციალური ქსელების ბაზარზე. 

აღსანიშნავია, რომ მეტავერსების შექმნაზე კომპანია Microsoft, Nvidia და Roblox-იც მუშაობენ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ Meta არ იქნება ერთადერთი მოთამაშე ვირტუალური სამყაროების ბაზარზე და საუკეთესო მეტავერსსაც, როგორც სხვა დანარჩენ ტექნოლოგიურ პროდუქტს, თავისუფალი ბაზარი გამოავლენს. 

დისტოპიური მომავალი 

ტერმინ მეტავერსის შექმნა ნილ სტეფენსონს უკავშირდება, ავტორი წიგნში "თოვლის კრახი" დისტოპიურ მომავალს აღწერს, სადაც ტექნოლოგიური კორპორაციები ფლობენ ვირტუალურ სამყაროებს (მეტავერსი), მოსახლეობის ნაწილი კი, რეალურ ცხოვრებაში დაბრუნებას ამ წარმოსახვით სამყაროში დარჩენას ამჯობინებს. 

ცუკერბერგის ხედვის მსგავსად, სტეფენსონის მეტავერსულ სამყაროში მოსახვედრად VR მოწყობილობაა საჭირო. ამ შემთხვევაშიც მომხმარებლები თავად ირჩევენ გარეგნობასა და საცხოვრებელ გარემოს. ვირტუალური უძრავი ქონების უდიდეს ნაწილს კი ერთი კომპანია, Global Multimedia Protocol Group-ი ფლობს.  

მეტავერსული სამყაროების შესახებაა "მატრიცა" და "პირველი მოთამაშეც". 

კადრი ფილმიდან "READY PLAYER ONE"

სამწუხაროდ, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ავტორები მეტავერსულ სამყაროებს დისტოპიურ მომავლად აღგვიწერენ, სადაც მოსახლეობა უსასრულო ვირტუალურ სიმულაციაშია ჩართული, რეალობა კი სულ უფრო მეტად უინტერესო ხდება მათთვის, ვისაც ციფრული სამყაროს უკიდეგანო შესაძლებლობები გამოუცდია. 

რამდენად დისტოპიური იქნება ჩვენი მომავალი, უცნობია, თუმცა, ფაქტია, რომ კომპანია Meta ბოლო ათწლეულის ყველაზე ამბიციურ პროექტს გეგმავს, რომელმაც, შესაძლოა, სამუდამოდ შეცვალოს ჩვენი წარმოდგენა ვირტუალური და რეალური სამყაროების შესახებ. 

მარკ ცუკერბერგი VR ჩაფხუტით


 

კომენტარები