Facebook

ისტორიაში პირველად: FACEBOOK-ის მომხმარებლები შემცირდა, კომპანიის აქციების ფასი ეცემა 

Facebook-ის დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი
Financial Times  

კომპანიის დაფუძნების დღიდან პირველად, Facebook-ის მომხმარებლების რაოდენობა და მათ მიერ სოციალურ ქსელში გატარებული დროის მოცულობა შემცირდა. 

Meta-ს მეოთხე კვარტლის მონაცემებში ასახულმა მომხმარებლების კლებამ საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების მკვეთრი, თითქმის 26%-იანი გაუფასურება გამოიწვია. უკანასკნელ დღეებში Meta-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 230 მილიარდი დოლარით შემცირდა.  

მიუხედავად იმისა, რომ Meta ისევ მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს და ყველაზე მომგებიან კომპანიად რჩება, სოციალური ქსელის მომხმარებლების შემცირება იწვევს საფუძვლიან ეჭვს, რომ მომხმარებლები ალტერნატიულ პლატფორმებს ირჩევენ და მომავალში, შესაძლოა, Facebook-მა და Instagram-მა შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგონ. 

Facebook-ის ანალიტიკოსებს კარგად ესმით, რომ ორგანზომილებიანმა (2D) სოციალურმა პლატფორმებმა, რომელთაც სმარტფონებითა და კომპიუტერებით ვიყენებთ, შესაძლებლობების მაქსიმუმს მიაღწიეს. ამაზე ის სტატისტიკაც მეტყველებს, რომ ახალგაზრდებში Facebook-ის პოპულარობა იკლებს და მომხმარებლები კონკურენტი კომპანიების სოციალურ პლატფორმებს ირჩევენ, მაგალითად, TikTok-ს. 

Facebook-ი ვერ დაუშვებს, რომ ტექნოლოგიურ პროგრესს ჩამორჩეს და მომდევნო ათწლეულიც იმ იმედით გაატაროს, რომ მათ აწ უკვე მოძველებულ სოციალურ ქსელებს სხვა კომპანიების ინოვაციური პროდუქტები ვერ ჩაანაცვლებენ. 

კომპანიის დამფუძნებლის, მარკ ზაკერბერგის აზრით, ინტერნეტის მომავალი სამგანზომილებიანია (3D), კომპანიის ძირითადი მიმართულება კი მეტავერსის, ანუ 3D ვირტუალური სამყაროს შექმნა უნდა იყოს.

 

კომენტარები