ბენედიქტ კამბერბეჩი

HBO-ს სერიალში ალექსანდრ ლიტვინენკოს როლს ბენედიქტ კამბერბეჩი შეასრულებს

გამოცემა Variety-ს ცნობით, HBO-ს სერიალში რუსეთის სახელმწიფოს მიერ მოკლული ალექსანდრ ლიტვინენკოს როლს ბენედიქტ კამბერბაჩი შეასრულებს.

სერიალი დაფუძნებული იქნება წიგნზე The Terminal Spy, სადაც მოთხრობილია რუსეთის უსაფრთხოების ყოფილი თანამშრომლის, ალექსანდრ ლიტვინენკოს საქმიანობისა და 2006 წელს, ინგლისში, რადიოაქტიული ნივთიერება პოლონიუმ-210-ით მოწამვლის შესახებ.

სერიალს ლიმიტირებული რაოდენობის სერიები ექნება და ბენედიქტი კამბერბეჩი მთავარი პერსონაჟის შემსრულებლის გარდა, ერთ-ერთი აღმასრულებელი პროდიუსერიც იქნება. 

2021 წლის, 21 სექტემბერს, სტრასბურგში მდებარე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობაში პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. რუსეთი ლიტვინენკოს მკვლელობაში 2015 წელს ბრიტანულმა გამოძიებამაც დაადანაშაულა. 2016 წლის გამოძიების მიხედვით კი გამოიკვეთა ორი მთავარი ეჭვმიტანილი: ანდრეი ლუგოვოი და დმიტრი კოვტუნი.


ლიტვინენკომ რუსეთი 1999 წელს დატოვა, მას შემდეგ, რაც რუსულ ФСБ-ს ბიზნესმენი ბორის ბერეზოვსკის მკვლელობის მცდელობას მიაწერდნენ. იგი 2006 წელს ცუდად გახდა, მას შემდეგ, რაც რადიოაქტიური ნივთიერება პოლონიუმ-210-ით მოწამლული ჩაი დალია. ალექსანდრ ლიტვინენკო რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

ლიტვინენკო რუსეთის ხელისუფლებას 1999 წელს საცხოვრებელი სახლების აფეთქებაში სდებდა ბრალს, პუტინს კი ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის შეკვეთაში ადანაშაულებდა. გამოძიების შედეგად, ბრიტანულმა მხარემ რუსეთიდან ანდრეი ლუგოვოის, როგორც მკვლელობაში ეჭვმიტანილის, ექსტრადირება მოითხოვა, რასაც კრემლი არ დათანხმდა. მოგვიანებით ლუგოვოი დუმაში, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის სიით, დეპუტატად აირჩიეს.

კომენტარები