მიხეილ სააკაშვილის დაკავება

პენიტენციური: ბარიერი სააკაშვილის და ადვოკატების მიერ რეგულაციების დარღვევის გამო განახლდა

გლდანის ციხე
facebook.com/moc.gov.ge

პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები პერმანენტულად არღვევდნენ დადგენილ რეგულაციებს, რის გამოც შესახვედრ ოთახში განახლდა მინის ბარიერი. 

"აღნიშნული გადაწვეტილება განპირობებულია მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ადვოკატების მხრიდან კოვიდპანდემიიდან გამომდინარე არსებული რეგულაციების სრულად დარღვევის გამო. კერძოდ, მიხეილ  სააკაშვილი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების მხრიდან ადგილი ჰქონდა დადგენილი რეგულაციების პერმანენტულ დარღვევას, კერძოდ, მაგიდაზე ასვლის გზით შუშის დამცავი ბარიერის ზემოდან უშუალო კონტაქტი და მიხეილ სააკაშვილის მიერ ინდივიდუალური დაცვის საშუალების (პირბადე) გამოყენებაზე უარის თქმა ზრდიდა ვირუსის გავრცელების ალბათობას.  ასევე არსებობდა შუშის ბარიერის დაზიანების საშიშროება, რასაც შესაძლოა რომელიმე პირის დაზიანება მოჰყოლოდა. აქვე განვმარტავთ, რომ დოკუმენტაციის გაცვლის ადვოკატისთვის გადაცემის პრობლემა მიხეილ  სააკაშვილს არასოდეს ჰქონია და დაწესებულების ადმინისტრაციის დახმარებით დღესაც შეუძლია შეუფერხებლად ისარგებლოს აღნიშნული უფლებით.". – წერია განცხადებაში 

დღეს, 28 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა წერილი, სადაც ამბობს, რომ მას შუშის კედლის ამოშენებით ადვოკატებთან ურთიერთობა სრულად შეეზღუდა და ვეღარ ახერხებს დოკუმენტების გაცვლას.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 27-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად. მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ. 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, ციხის საავადმყოფო ექსპრეზიდენტის უსაფრთხოების მინიმალურ გარანტიასაც არ უზურნველყოფს და, მისი ინფორმაციით, იქნება ე.წ იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით.  


 

კომენტარები