არჩევნები 2021

სამინისტრო 119-ე სკოლაზე: გათავისუფლებაზე ბრეგვაძის პოლიტიკური ნიშნით სპეკულაცია უსაფუძვლოა

ფორმულა/კადრი ვიდეოდან

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თბილისის 119-ე სკოლაში მასწავლებლების პროტესტს ეხმაურება. სამინისტრო ამტკიცებს, რომ სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, თეა ბრეგვაძე თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით არ გაუთავისუფლებიათ და გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია.  

სამინისტრო განმარტავს, რომ თეა ბრეგვაძე სკოლის დირექტორი არასდროს ყოფილა - ის მოადგილე იყო და შემდეგ დირექტორის მოვალეობას ასრულებდა, რადგან ყოფილ დირექტორს, პაატა რაზმაძეს 2020 წლის 8 სექტემბერს სამეურვეო საბჭოსთან დადებული შრომითი ხელშეკრულების 6-წლიანი ვადა ამოეწურა.

"სამინისტროს მიერ, მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს ქალაქ თბილისის 119-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა თამარ თაბუაშვილი. ზოგადი განათლების შესახებ კანონის თანახმად, დირექტორის არჩევა ან დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა იწვევს დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, რაზეც ინფორმირებული იყო ქალბატონი თეა ბრეგვაძე. ამდენად, ქალბატონი თეა ბრეგვაძის მიერ, პოლიტიკური ნიშნით სპეკულაცია მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის შესახებ, სრულიად უსაფუძვლოა. ასევე კატეგორიულად მიუღებელია განათლების სისტემაში მომუშავე ადამიანის მხრიდან სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობისთვის ხელისშეშლა და მოსწავლეთა და მასწავლებელთა პოლიტიკურ იარაღად გამოყენება". - წერია განცხადებაში.  

თბილისის 119-ე საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი შეჩერებულია. მასწავლებლები დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ. მათი თქმით, ის სკოლიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. დირექტორის მოვალეობის შესრულებელი, თეა ბრეგვაძე ამბობს, რომ ის გლდანში ენმ-ს წარდგენილი გამგეობის კანდიდატის ნათესავია და მის თანამდებობაზე ქართული ოცნების მხარდამჭერს ნიშნავენ.

"ეს უკავშირდება მოახლოებულ მეორე ტურს, მე გახლავართ გლდანის რაიონის გამგეობის კანდიდატის დეიდა, რომელიც წარადგინა ნაციონალურმა მოძრაობამ და მოვალეობის შემსრულებლად ამ ეტაპზე უშვებენ პიროვნებას, რომელიც არის ქართული ოცნების მხარდამჭერი" - ამბობს ის ფორმულასთან ინტერვიუში. 

მასწავლებლების თქმით, დირექტორის მოვალების შემსრულებელი არასერტიფიცირებული პირით შეცვალეს. მათივე თქმით, პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ განათლების სამინისტროსთან არ ექნებათ კომუნიკაცია და კონკრეტულ კითხვებზე პასუხებს არ გასცემენ. 

კომენტარები