ირანი

ირანი ბირთვულ მოლაპარაკებებში ნოემბრიდან დაბრუნებას დათანახმდა

ბირთვულ მოლაპარაკებზე ირანის დელეგაციის მეთაური, ალი ბაღერი კანი

ირანი ამ წლის ნოემბრიდან დაუბრუნდება ბირთვულ მოლაპარაკებებს, რომლის მიზანი 2015 წლის ბირთვული შეთანხმების აღდგენაა. ამის შესახებ საკუთარ Twitter-ზე დაწერა მოლაპარაკებებზე ირანის დელეგაციის მეთაურმა, ალი ბაღერი ქანიმ. 

ბაღერუ ქანის თქმით, მას ჰქონდა სერიოზული და კონსტრუქციული საუბარი ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელთან, ენრიკე მორასთან, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ ირანი ბირთვულ მოლაპარაკებებში ნოემბრიდან დაბრუნდება. მოლაპარაკებების გაგრძელების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია და ცნობილი მომდევნო კვირაში გახდება. 

2021 წლის აპრილში, ქალაქ ვენაში ირანს, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს ევროკავშირს, რუსეთსა და ჩინეთს შორის დაიწყო საუბარი, თუ როგორ შეიძლებოდა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებისთვის დაბრუნება. ეს უკანასკნელი ამერიკამ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ქვეშ 2018 წელს დატოვა, რდაგან მიიჩნევდნენ, რომ ირანი შეთანხმებას არღვევდა და მსგავსი ფორმატი თეირანის ბირთვულ პროგრამას ვერ შეაჩერებდა. ამის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანს სანქციები დაუწესა.

ახალი მოლაპარაკებები მას შემდეგ შეჩერდა, რაც ივნისში, ირანში ხისტი პოლიტიკით ცნობილი ებრაჰიმ რაისი პრეზიდენტად აირჩიეს. 

ვენის ახალი მოლაპარაკებების ფარგლებში სულ 6 შეხვედრა გაიმართა, თუმცა მხარეები ვერ მივიდნენ შეთანხმებამდე, თუ რა სანქციებს მოხსნიდა აშშ თეირანს და როგორ ბირთვულ შეზღუდვებს დათანხმდებოდა ირანი. 

ირანის ბირთვულ პროგრამას განსაკუთრებულ საფრთხედ აღიქვამს ისრაელის მხარე, რომელიც თვლის, რომ მოლაპარაკებები შედეგს ვერ მოიტანს. ბოლო ხანებში იერუსალიმი ირანზე თავდასხმისთვისაც ემზადებოდა

გასულ თვეში ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურმა, ავივ კოჰავიმ თქვა, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე იერიშის გეგმებზე აქტიურად მუშაობდნენ და დაამატა: "ეს ძალიან რთული საქმეა, რომელსაც სჭირდება მეტი დაზვერვა, მეტი ოპერატიული შესაძლებლობები, ბევრად მეტი შეიარაღება. ჩვენ ამ ყველაფერზე ვმუშაობთ".

კომენტარები