ინდოეთი

ჩინეთთან სასაზღვრო დაძაბულობის ფონზე, ინდოეთმა ბირთვული შესაძლებლობის რაკეტა გამოსცადა

ბირთვული შესაძლებლობის მქონე Agni-V

ჩინეთის საზღვარზე, ლადაქის რეგიონში არსებული დაძაბულობის ფონზე, ინდოეთმა ბირთვული შესაძლებლობის რაკეტა Agni-V გამოსცადა.

მთავრობის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ეს ხაზს უსვამდა მინიმალური შემაკავებელი ძალის პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ინდოეთის მხარე ატომურ იარაღს პირველი არ გამოიყენებს. 

მთავრობის წარმომადგენელთა თქმით, Agni-V-ს შეუძლია 5 000 კილომეტრზე შორს მყოფი სამიზნეების განადგურება, მაღალი სიზუსტით. 

მას შემდეგ, რაც ჩინეთმა საკუთარი ატომური შესაძლებლობები განავითარა, ბოლო ხანებში საკუთარი ბირთვული ძალის გაუმჯობესებაზე მუშაობა ინდოეთმაც დაიწყო. მიიჩნევა, რომ Agni-V-ით შესაძლებელი იქნება ჩინეთის თითქმის ნებისმიერი წერტილის სამიზნეში ამოღება. ინდოეთს, საკუთარი ბირთვული შესაძლებლობებით, უკვე შეუძლია მისი მთავარი რეგიონალური მოწინააღმდეგის, პაკისტანის ნებისმიერ წერტილზე თავდასხმა. 

ეს იყო პირველი მსგავსი გამოცდა, მას შემდეგ, რაც გასულის აპრილი-მაისში ინდოეთისა და ჩინეთის საზღვარზე, ლადაქის რეგიონში სიტუაცია დაიძაბა. ჩინელ და ინდოელ მესაზღვრეებს შორის 2020 წელს რამდენიმე ხელჩართული შეტაკებაც მოჰყვა, რასაც რამდენიმე ადამიანიც ემსხვერპლა. 2021 წლის ოქტომბერში, 17-თვიან დაძაბულობასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

კომენტარები