უკრაინა

უკრაინამ დონბასში სეპარატისტების წინააღმდეგ თურქული დრონი პირველად გამოიყენა [VIDEO]

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თურქული სამხედრო დრონი, Bayraktar TB2 დონბასში სეპარატისტების წინააღმდეგ პირველად გამოიყენეს. უპილოტო საფრენმა აპარატმა სარაკეტო იერიში მოწინააღმდეგის საარტილერიო დანადგარზე მიიტანა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, სეპარატისტებმა მათი სამხედროების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, რასაც ერთი უკრაინელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი დაიჭრა. ამ თავდასხმის საპასუხოდ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თურქული უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს. 

ლუგანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკებმა უკრაინა ფრონტის ხაზის გადაღმა გასვლის მცდელობასა და მინსკის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებდნენ. სწორედ ამის შემდეგ მათ ცეცხლი გახსნეს უკრაინელი სამხედროებისა და სოფელი გრანიტნოეს მიმართულებით. მოსახლეობის დასაცავად, უკრაინულმა მხარემ Bayraktar TB2 გამოიყენა. 

უკრაინის შეიარაღებულ ძალებს თურქეთისგან 12 დრონი ჰქონდა შეძენილი, გასულ თვეში კი მათ კიდევ დამატებით შეიძინეს 24 Bayraktar TB2-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები. 

"პირველ რიგში უნდა ვისწავლოთ მათთან [დრონებთან] ეფექტური მუშაობა, შემდეგ კი, ჩვენ უნდა ვიცოდეთ მათი გამოყენების ტაქტიკები", – ამბობდა სექტემბერში უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ვალერი ზალუჟნი.

თურქული Bayraktar TB2-ის ტიპის დრონები 2020 წლის ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანის მხარემ გამოიყენა და ეს მისი საბრძოლო წარმატების ერთ-ერთ მიზეზად ითვლება. 

კომენტარები