უკრაინა

უკრაინა თურქეთისგან კიდევ 24 საბრძოლო დრონის ყიდვას აპირებს

უკრაინის ნაყიდი თურქული დრონი Bayraktar TB2

უკრაინა თურქეთისგან კიდევ 24 საბრძოლო დრონის, Bayraktar TB2-ის შესყიდვას აპირებს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვალერი ზალუჟნიმ ისაუბრა. 

ამჟამად უკრაინის შეიარაღებული ძალები აქამდე ნაყიდ 12 Bayraktar TB2-ის ტიპის სამხედრო დრონს იყენებს. 

"პირველ რიგში უნდა ვისწავლოთ მათთან [დრონებთან] ეფექტური მუშაობა, შემდეგ კი, ჩვენ უნდა ვიცოდეთ მათი გამოყენების ტაქტიკები", – ამბობს ზალუჟნი.

დრონების მწარმოებელი კომპანია ბაიქარის აღმასრულებელი დირექტორის, სელჩუკ ბაირაქტარის თქმით, Bayraktar TB2-ზე არნახული მოთხოვნაა. 

"ეს ინტერესი ძალიან გაიზარდა იდლიბისა და მთიან ყარაბაღში ჩატარებული ოპერაციების შემდეგ. ზოგჯერ მოთხოვნის დაკმაყოფილების პრობლემაც კი გვაქვს", – ამბობს სელჩუკ ბაირაქტარი. 

თურქული Bayraktar TB2-ის ტიპის დრონები 2020 წლის ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანის მხარემ გამოიყენა და ეს მისი საბრძოლო წარმატების ერთ-ერთ მიზეზად ითვლება. 

კომენტარები