არჩევნები 2021

ბოტკოველი: თამაზ მეჭიაურისგან არის მზაობა თიანეთში კოალიციურ მმართველობაზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრისა და თელავში მერობის კანდიდატის, გიორგი ბოტკოველის თქმით, თამაზ მეჭიაურთან, გამარჯვების შემთხვევაში, თიანეთში კოალიციურ მმართველობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ის ამ შემოთავაზებისთვის მზად არის. მისივე თქმით, მოლაპარაკებებია ყველა იმ მუნიციპალიტეტშიც, სადაც მეორე ტურში ენმ-ს კანდიდატი არ იბრძვის.

"ჩვენი შეთავაზება ნებისმიერ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში არის კოალიციური მმართველობა ადგილობრივ დონეზე. დღეს მქონდა საუბარი თამაზ მეჭიაურთან, როგორც პარტიის რეგიონალური სამსახურის წარმომდგენელს, ასევე, მისი მისი მზაობა და შემოთავაზებაა კოალიციურ მმართველობაზე. 

თიანეთშიც, ცაგერშიც, ოზურგეთშიც, ყველა იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი არ არის მეორე ტურში, იქაც უკვე საუბარია და ხვალ დილისთვის დასრულდება მოლაპარაკებები, რომ იქაც იქნება წარმოდგენილი მმართველობა". – თქვა ბოტკოველმა TV პირველის ეთერში.

30 ოქტომბერს მერებისა და საკრებულოს წევრთა არჩევნების მეორე ტური 20 თვითმმართველ ერთეულსა და 42 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარდება. 20 თვითმმართველი ქალაქიდან და თემიდან მეორე ტურში ქართული ოცნების კანდიდატთან ერთად 17-ში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი გადავიდა, 3-ში კი სხვა პარტიების კანდიდატები – გახარია – საქართველოსთვის (ცაგერში), ერთიანი საქართველოსთვის თამაზ მეჭიაური (თიანეთში), დამოუკიდებელი კანდიდატი (ოზურგეთში).

კომენტარები