Facebook

ახალგაზრდებში FACEBOOK-ის პოპულარობა იკლებს – კომპანიის აქციების ფასი ეცემა

Facebook-ის დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი
Financial Times  

Facebook-ის ყოფილმა თანამშრომელმა, ფრენსის ჰაუგენმა კომპანიის საიდუმლო დოკუმენტები გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ ახალგაზრდებში სოციალური ქსელის პოპულარობა იკლებს. 

Bloomberg-ის ცნობით, 2021 წლის მარტში კომპანიის ერთ-ერთი აღმასრულებელი ხელმძღვანელის, კრის კოქსის ბრძანებით კვლევითმა ჯგუფმა მოამზადა სპეციალური ანგარიში, რომლის მიხედვით, თინეიჯერების მიერ Facebook-ში დახარჯული დრო წლიურად 16%-ით შემცირდა, ხოლო ახალგაზრდა მომხმარებლები სოციალურ ქსელში 5%-ით ნაკლებ დროს ატარებენ. 

კვლევის ძირითადი მიგნებები: 

  • ახალგაზრდები შედარებით ნაკლებ დროს ატარებენ Facebook-ში;
  • შემცირებულია თინეიჯერების Facebook-ზე რეგისტრაციის მაჩვენებელი;
  • ახალგაზრდა მომხმარებლები შედარებით იშვიათად პოსტავენ და აზიარებენ სიახლეებს, ვიდრე 30 წელს გადაცილებული პირები. 

ანგარიშის მიხედვით, მკვლევრებს უჭირთ აღნიშნული ტენდენციის გამომწვევი მიზეზების დასახელება და ისინი ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდა მომხმარებლები Facebook-ს სხვა სოციალური პლატფორმებით, Instagram-ით, TikTok-ითა და Snapchat-ით ანაცვლებენ. 

ეს ანგარიში ერთ-ერთია იმ ასობით შიდა დოკუმენტს შორის, რომელიც ჰაუგენმა გაავრცელა. მისი თქმით, დოკუმენტების გავრცელების მთავარი მიზანი ტექნოლოგიური გიგანტის მხილებაა. 

ჰაუგენი Facebook-ს მომხმარებლების უსაფრთხოების დარღვევაში და მათი პირადი მონაცემების მოგების მიღების მიზნით უკანონოდ გამოყენებაში ადანაშაულებს. 

ფაილების გავრცელებამ კომპანიის აქციების ფასის 7%-იანი ვარდნა გამოიწვია, რის გამოც Facebook-მა ტრილიონიანი კომპანიის სტატუსი დაკარგა, რადგან მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 926 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. 


The Verge-ის ცნობით, Facebook-ი კომპანიის რებრენდინგსა და ყველასათვის კარგად ცნობილი სახელის შეცვლას გეგმავს.

Verge-ის მტკიცებით, ტექნოლოგიური გიგანტის რებრენდინგი კომპანიის ახალ მიმართულებას, ვირტუალურ რეალობასა (VR) და მეტავრესს უკავშირდება. ამ მოსაზრებას ამყარებს აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ზაკერბერგის სიტყვებიც. 

"ჩვენ ვგეგმავთ, რომ მოსახლეობის აღქმაში სოციალური მედიის კომპანიიდან მეტავრესულ კომპანიად გარდავისახოთ". – თქვა ზაკერბერგმა. 

მეტავერსი ციფრული სამყაროა, ერთგვარი სიმულაცია, სადაც მომხმარებლებს საკუთარი საცხოვრებელი გარემოს, პერსონაჟისა თუ ნებისმიერი სხვა სახის პროექტის შექმნა შეუძლიათ, იქნება ეს მუზეუმი, თეატრი, კლუბი თუ სხვა. 

ამჟამად არსებული მეტავრესებით სარგებლობა პერსონალური კომპიუტერებით, სმარტფონებითა და VR მოწყობილობებითაა შესაძლებელი. კომპანია Facebook-ის გეგმაა, რომ მომხმარებლებმა 2-განზომილებიანი სოციალური პლატფორმიდან 3-განზომილებიან ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლონ და FB-ის VR-სათვალეებით ციფრული სამყაროს ნაწილნი გახდნენ. 

აღსანიშნავია, ცვლილება მხოლოდ კომპანიას შეეხება და არა უშუალოდ სოციალურ ქსელებსა და მის პროდუქტებს, ანუ Instagram-ის, Facebook-ის, WhatsApp-ისა და Oculus-ის სახელები არ შეიცვლება, მხოლოდ მათი მფლობელი ჰოლდინგი შეიძენს ახალ სახელწოდებას.

კომენტარები