Facebook

კომპანია FACEBOOK-ი სახელს შეიცვლის, ვირტუალური სამყაროს შექმნის მიზნით – THE VERGE 

Facebook-ის ხელმძღვანელი, მარკ ცუკერბერგი

ამერიკული გიგანტი, Facebook-ი კომპანიის რებრენდინგსა და ყველასათვის კარგად ცნობილი სახელის შეცვლას გეგმავს, ამის შესახებ ინფორმაციას ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ტექნოლოგიური გამოცემა, The Verge-ი ავრცელებს

Verge-ის მტკიცებით, ტექნოლოგიური გიგანტის რებრენდინგი კომპანიის ახალ მიმართულებას, ვირტუალურ რეალობასა (VR) და მეტავრესს უკავშირდება. ამ მოსაზრებას ამყარებს აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის სიტყვებიც. 

"ჩვენ ვგეგმავთ, რომ მოსახლეობის აღქმაში სოციალური მედიის კომპანიიდან მეტავრესულ კომპანიად გარდავისახოთ". – თქვა ცუკერბერგმა. 

მეტავერსი ციფრული სამყაროა, ერთგვარი სიმულაცია, სადაც მომხმარებლებს საკუთარი საცხოვრებელი გარემოს, პერსონაჟისა თუ ნებისმიერი სხვა სახის პროექტის შექმნა შეუძლიათ, იქნება ეს მუზეუმი, თეატრი, კლუბი თუ სხვა. 

ამჟამად არსებული მეტავრესებით სარგებლობა პერსონალური კომპიუტერებით, სმარტფონებითა და VR მოწყობილობებითაა შესაძლებელი. კომპანია Facebook-ის გეგმაა, რომ მომხმარებლებმა 2-განზომილებიანი სოციალური პლატფორმიდან 3-განზომილებიან ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლონ და FB-ის VR-სათვალეებით ციფრული სამყაროს ნაწილნი გახდნენ. 

აღსანიშნავია, ცვლილება მხოლოდ კომპანიას შეეხება და არა უშუალოდ სოციალურ ქსელებსა და მის პროდუქტებს, ანუ Instagram-ის, Facebook-ის, WhatsApp-ისა და Oculus-ის სახელები არ შეიცვლება, მხოლოდ მათი მფლობელი ჰოლდინგი შეიძენს ახალ სახელწოდებას.

ექსპერტების შეფასებით, კომპანიის რებრენდინგი მოსალოდნელი და ლოგიკური მოვლენაა, რადგან ტრილიონიანი ტექნოლოგიური გიგანტის ამბიციები და შესაძლებლობები უკვე დიდი ხანია გასცდა მხოლოდ სოციალური ქსელების ჰოლდგინს.

Facebook-ის მსგავსი გადაწყვეტილებმა კომპანია Google-მა ჯერ კიდევ 2015 წელს მიიღო და მისმა მფლობელმა კომპანიამ Alphabet Inc დაირქვა, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ საძიებო სისტემა კომპანიის ერთადერთი პროდუქტი არ იყო და კონგლომერატს ავტონომიური ელექტრომობილების, წამლებისა და სხვა სახის მაღალტექნოლოგიური პროდუქტების წარმოებაც შეეძლო. 

კომენტარები