კინო

ტრაგედიები კადრს მიღმა - სიკვდილი გადასაღებ მოედანზე

Befunky

22 ოქტომბერს, ნიუ-მექსიკოს შტატში, ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე უბედური შემთხვევა მოხდა. მსახიობ ალეკ ბოლდუინის მიერ გასროლილ იარაღს ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეეწირა, ასევე დაშავდა რეჟისორი ჯოელ სოუსა.

პირველადი მონაცემებით სარეკვიზიტო იარაღი გაუმართავი აღმოჩნდა. ბოლდუინი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს, მიმდინარეობს გამოძიება.

სამწუხაროდ Rust პირველი ფილმი არ არის, რომლის გადასაღებ მოედანზე ტრაგიკული უბედური შემთხვევა მოხდა.

The Crow (1994)

1993 წელს, ფილმის გადაღებების დასრულებამდე 4 დღით ადრე უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა მთავარი როლის შემსრულებელი, ბრიუს ლის შვილი, მსახიობი ბრენდონ ლი. ერთ-ერთი სცენის გადაღებისას მას მსახიობ მაიკლ მასის მიერ გასროლილი ტყვია მუცელში მოხვდა, 12 საათის შემდეგ ლი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ რევოლვერი ფუჭი ვაზნით იყო დატენილი, შექმნილი წნევა საკმარისი აღმოჩნდა ლულაში შემთხვევით ჩარჩენილი რეკვიზიტის დეტალის გასასროლად. მაიკლ მასი გადასაღებ მოედანზე მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმის შემდეგ კინოში რამდენიმე წელი აღარ თამაშობდა.

Twilight Zone (1983)

სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმის გადაღებებზე სამი ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი გარდაიცვალა. ერთ-ერთი სცენის გადაღებისას ვერტმფრენი მწყობრიდან გამოვიდა და გადასაღებ მოედანზე ჩამოვარდა. მოწყვეტილმა პროპელერმა თავი მოაჭრა მთავარი როლის შემსრულებელს, ვიკ მოროუს და 7 წლის მსახიობს მაისა დინ ლის, 6 წლის რენე შინ ი ჩენი ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა. 

Deadpool 2 (2018)

ვანკუვერში, დედპულის მეორე ნაწილის გადაღებებზე უბედური შემთხვევა მოხდა. მსახიობ ზაზი ბიტსის დუბლიორმა, ჯოი ჰარისმა მოტოციკლეტის საჭე ვერ დაიმორჩილა და დიდი სიჩქარით შენობას დაეჯახა. კასკადიორი ადგილზე გარდაიცვალა.

Warrens of Virginia (1924)

მუნჯი კინოს გადასაღებ მოედანზე დაიღუპა ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი მართა მენსფილდი. ფილმის მოქმედება ამერიკის სამოქალაქო ომის პერიოდში ხდებოდა, ამიტომ მსახიობს დიდი ძველი კაბა ეცვა. ერთ-ერთი სცენის გადაღებისას, კაბას ცეცხლი წაეკიდა, საავადმყოფოში დამწვრობებით გადაყვანილი მენსფილდი მეორე დღეს გარდაიცვალა. გამოძიების ვარაუდით კაბას ცეცხლი გამვლელის მიერ გადასაღები მოედნისკენ ნასროლი ასანთისგან წაეკიდა. 

XXX (2002)

მძაფრსიუჟეტიანი ჯაშუშური ფილმის გადასაღებ მოედანზე დაიღუპა ვინ დიზელის დუბლიორი ჰერი ო’კონორი. სურათის დასკვნით სცენებს პრაღაში იღებდნენ. სიუჟეტის მიხედვით მთავარი გმირი მაღალი სიჩქარით მიმავალ კატერსა და პარაშუტს შორის გაჭიმულ თოკზე ეშვება. კასკადიორმა პირველი დუბლი წარმატებით შეასრულა, თუმცა მეორე მცდელობა მისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა. ო’კონორი დიდი სიჩქარით ხიდს დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.


Связной (2002)

2002 წელს რუსი მსახიობი და რეჟისორი სერგეი ბოდროვ-უმცროსი ვლადიკავკაზში ფილმ მოკავშირეზე მუშაობდა. 20 სექტემბერს კარმადონის ხეობაში კოლკის მყინვარი ჩამოწვა, რომელმაც 120 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მათ შორის იყვნენ ბოდროვი და გადამღები ჯგუფის ექვსი წევრი. ორი წლის განმავლობაში მოხალისეები და დაღუპულთა ახლობლები ცდილობდნენ მყინვარის ქვეშ მოყოლილი ადამიანების ცხედრების პოვნას. ასზე მეტი ადამიანის, მათ შორის მსახიობის ცხედარი დღემდე ვერ იპოვეს. ფილმი ეკრანებზე არ გამოსულა.

Top Gun (1986)

არტ შოლი თავისი დროის ყველაზე ცნობილი მფრინავი იყო, რომელიც ფილმებში აეროტრიუკებს ასრულებდა. Top Gun მისი უკანასკნელი ნამუშევარი აღმოჩნდა. ტომ კრუზის დუბლიორმა მანევრის შესრულებას თავი ვერ გაართვა, თვითმფრინავმა სიმაღლე სწრაფად დაკარგა და ოკეანეში ჩავარდა. ნამტვრევები ვერ იპოვეს, რის გამოც ვარდნის ზუსტი მიზეზი დღემდე უცნობია.


 

კომენტარები