მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ღარიბაშვილი სააკაშვილზე: ვიდეოში აშკარად არაა ფხიზელ მდგომარეობაში, გატაცებაზე ბოდავს

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო მედია იმედის მიერ გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, რომელიც, მედიის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში შემოსვლისას სატვირთოში გადაიღო. ღარიბაშვილი ამბობს, რომ ვიდეოში სააკაშვილი ფხიზელ მდგომარეობაში არ არის და გატაცებაზე "ბოდავს"

"რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო? ეს ტრაგედიაა, რეალურად. რა თქმა უნდა, ჩვენ ეჭვი არ გვეპარება და ვიცით, რომ ეს ადამიანი არ არის ნორმალური. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ნახავს და იხილავს ამ ვიდეოს, როგორ შეიძლება, რომ ამ კაცზე სერიოზული წარმოდგენა დარჩეს? ეს ტრაგედია და ჩვენი სირცხვილია - ეს კაცი მართავდა ქვეყანას 9 წლის განმავლობაში, ამას თუ მართვა ჰქვია - ჩაგრავდა ჩვენს მოსახლეობას და ანადგურებდა ჩვენი ქვეყნის მომავალს, პერსპექტივებს, ტერიტორიებს აბარებდა ოკუპანტებს. 

ნახეთ როგორ სამარცხვინოდ შემოიპარა - ახსენეთ სხვადასხვა პროდუქტები, არაჟანი და ა.შ. ეს სამარცხვინო სიტუაცია იხილა მთელმა მოსხლეობამ. ნახეთ, აშკარად ჩანს, რომ არ არის ფხიზელ მდგომარეობაში და ლაპარაკობს, ბოდავს რაღაც სპეცსამსახურების მიერ გატაცებაზე, მოტაცებაზე. წარმოიდგინეთ, როგორ ილუზიებში ცხოვრობს ადამიანი. როგორ მდგომარეობაშიც არის ამ ვიდეოში, ასეთ არასტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება ახლაც და მთელი მისი გუნდი. სხვა შემთხვევაში, ასეთი ილუზიები რომ არ ჰქონოდა ადამიანს, როგორ შეიძლება, რომ ელემენტარული გათვლა ვერ გაეკეთებინა, აქ რომ შემოდიოდა ასეთი გზით - ქურდულად შემოიპარა და აღმოჩნდა ციხეში". - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი. 

იმედმა ვიდეო გუშინ, 21 ოქტომბერს გაავრცელა. ამავე მედიის მიერ ჩანაწერისთვის წამძღვარებული კონტექსტით, სააკაშვილი სხვადასხვა სცენარისთვის ვიდეოებს იღებდა, მათ შორის, არის გატაცების სცენარიც. 

კომენტარები