არჩევნები 2021

ღარიბაშვილი ზუგდიდზე: ანზორ მელიამ არ იცის რამდენი სოფელია ამ ქალაქში

ანზორ მელია შეიძლება არის დამსახურებული ექიმი, მაგრამ მე ძალიან მაინტერესებს და კითხვა მინდა დავუსვა თითოეულ ზუგდიდელს – რა მოტივაცია აქვს ამ კაცს, როგორ უნდა მართოს ზუგდიდი კაცმა, რომელმაც არ იცის ბიუჯეტი, რამდენი სოფელია ამ ქალაქში და საერთოდ, წარმოდგენა არ აქვს, როგორ იმართება მუნიციპალიტეტი. ამ დროს, ჩვენ გვყავს ძალიან გამოცდილი, უწესიერესი კაცი, ბატონი მამუკა წოწერია, რომელიც ღირსეული ზუგდიდელია, რომელიც არ შეარცხვენს ზუგდიდელებს და ზუგდიდს, ამ ქალაქს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მინდა ვთხოვო თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, რომ არც ერთი არ დარჩეს სახლში არჩევნების დღეს, ყველანი არჩევნებზე, რომ 30 ოქტომბერს საბოლოოდ ბეჭედი დავუსვათ ნაციონალური მოძრაობის ამ ბოგინს. მთავარი დამნაშავე ციხეშია, სააკაშვილი მინიმუმ 6 წელი იქნება ციხეში.

მე მოვისმინე რამდენიმე ჩვენი მხარდამჭერისგან, რომ შეგნებულად ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს 6 წელი არ იჯდება, აპირებენ გადაცემას უკრაინაში და ა.შ. ყველაფერი არის გამორიცხული. გამორიცხულია, რომ სააკაშვილის საპატიმროდან გამოვიდეს ვადაზე ადრე. მინიმუმ 6 წელი იჯდება იგი საპატიმროში და რა თქმა უნდა, ასევე გამორიცხულია და ამაზე სერიოზული კომენტარი არ შეიძლება გავაკეთო, რომ ხომ არ იგეგმება მისი გადაცემა უკრაინაში, ეს არის სრული აბსურდი და ამაზე მე უკვე გავაკეთე კომენტარი.

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. 30 ოქტომბერს, ზუგდიდში, თვითმმართველობის მეორე ტური გაიმართება, სადაც ერთმანეთს ქართული ოცნების მერობის კანდიდატი, მამუკა წოწერია და ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატი - ანზორ მელია დაუპირსიპირდებიან.

კომენტარები