3+3 ფორმატი

ჰოჯესი 3+3 ფორმატზე: არ არის სწორი, საქართველო იყოს ამის ნაწილი, არ ვარ მომხრე

AP

ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილმა ხელმძღვანელმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა ტელეკომპანია ფორმულას გადაცემაში სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა 3+3 ფორმატზე ისაუბრა. ჰოჯესის შეფასებით, ამ პლატფორმაში საქართველოს მონაწილეობა არ იქნება სწორი.

"მე არ ვიცი, როგორ შეიძლება, რომ ადამიანს სჯეროდეს კრემლის და რაიმე შეთანხმების მათთან, როცა საქართველოს 20% ოკუპირებულია და გავლებულია მავთულხლართები. შესაბამისად, მე არ მგონია ადამიანი არსებობდეს, ვისაც სჯერა კრემლთან შეთანხმების. ჩემი აზრით, არ არის სწორი, საქართველო იყოს ამ ყველაფრის ნაწილი და არ ვარ ამის მომხრე" – თქვა ჰოჯესმა. [ფორმულას სინქრონული თარგმანი]

3+3 ფორმატთან დაკავშირებით კითხვას უპასუხა აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმაც. ოსტინის თქმით, "ახალ ფორმატზე საუბრამდე, რუსეთმა პატივი უნდა სცეს 2008 წლის შეთანხმებას".

3+3 ფორმატში, იგივე 6 ერის პლატფორმის შექმნის იდეა 2020 წლის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წამოაყენა. ეს გულისხმობს თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, რუსეთისა და ირანის კოოპერაციას რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დასამყარებლად. 

ერდოღანმა ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ გაიმეორა 2021 წლის ივნისში, აზერბაიჯანში ვიზიტის დროს, და თქვა, რომ კავკასიის რეგიონში მშვიდობის დამყარება რეგიონული კოოპერაციითაა შესაძლებელი, ეს კი მთელი მსოფლიოსთვის სასიკეთო იქნება.

2021 წლის მარტში დავით ზალკალიანსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შორის გამართულ შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა 3+3 ფორმატიც იყო. შეხვედრის შემდეგ მევლუთ ჩავუშოღლუმ თქვა, რომ მას ესმოდა თბილისის ფრთხილი პოზიცია ამ რეგიონალურ იდეასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა თურქეთის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

კომენტარები