არჩევნები 2021

მდინარაძე კლიპზე: გვიწევს ნაცმოძრაობას წარსული შევახსენოთ, რომ თამამად ვერ საუბრობდნენ

მამუკა მდინარაძე
ტაბულა

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძეს შეფასებით სიძულვილის ენის შემცველი ბანერების და კლიპის გავრცელებით მმართველი პარტია საზოგადოებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარსულს ახსენებს. მდინარაძემ პარალელი გაავლო საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და ნაცისტური გერმანიის ლიდერ ადოლფ ჰიტლერს შორის.

"ნაცმოძრაობას გვიწევს შევახსენოთ მათი წარსული, რომ ესე თამამად ვერ საუბრობდნენ. მათი წარსული მძიმე ცოდვების შესახებ კიდევ ერთხელ უნდა გაიხსენოს ქართულმა საზოგადოებამ. ეს იგივეა, რაც ჩვენს მეგობარ ქვეყნებში ვიღაცამ ახსენოს, როგორ შეიძლება, ჰიტლერზე რაღატომ ლაპარაკობ ეს სიძულვილის ენა არისო. ჰიტლერი შეიძლება ცოტა ფართო მასშტაბიანი იყო, სააკაშვილთან შედარებით, მაგრამ საქართველოში ამ კაცის ჩადენილი ბოროტება არასდროს არ უნდა დაავიწყდეთ." - თქვა მამუკა მდინარაძემ.

ქართულმა ოცნებამ დღეს, 18 ოქტომბერს  გაავრცელა ვიდეო სახელწოფებით "დავასრულოთ ნაცები!", ვიდეოში ისმის მოწოდებები "ნაცობა სირცხვილია" და "დავამარცხოთ ნაცები". კლიპის გავრცელების პარალელურად ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა კანონპრეოექტი, რომლითაც საარჩევნო სუბიექტის მიმართ უარყოფითი რეკლამის გავრცელება დაჯარიმდება.

"დარეგულირდება წინასაარჩევნო კამპანიის დროს და ზოგადად, რომ აიკრძალოს ნებისმიერი საარჩევნო სუბიექტის და კანდიდატის მიმართ რაიმე ტიპის უარყოფითი დამოკიდებულების გამოხატვა და შესაბამისი სანქციებით დადგინდება, რომელიც იქნება ცესკოს თავმჯდომარის და შესაბამისი საოლქო კომისიების წარმომადგენლების მიერ. ამით ბუნებრივია, ჩვენ გვინდა, რომ კიდევ ერთხელ გავაუმჯობესოთ საარჩევნო გარემო,“ - აცხადებს ქართული ოცნების დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი. 

საარჩევნო კოდექსის გარდა, ცვლილება შევა მაუწყებლობის შესახებ კანონში. უმრავლესობის ინიციატივით, აიკრძალება ისეთი წინასაარჩევნო რეკლამის გავრცელება, რომელიც გამიზნულია საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შესაქმნელად. კანონპროექტით დგინდება, რომ პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო სუბიექტის მიერ ან პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო სუბიექტის დაკვეთით გავრცელებული წინასაარჩევნო რეკლამა არ უნდა შეიცავდეს სხვა პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო სუბიექტის გამოსახულებას, სახელწოდებას, რიგით ნომერსა და სიმბოლიკას.

კომენტარები