არჩევნები 2021

კალაძე: შენ, ვისაც გახსოვს ბნელი წარსული და უარს ამბობ მასზე, აუცილებლად მოდი არჩევნებზე

"მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს [ნიკა მელია] დღემდე ქვეყნისა და ქალაქისთვის არასდროს არაფერი გაუკეთებია, გარდა იმისა, რომ კერძო კომპანიებს აკოტრებდა, სახელმწიფო შენობებში შეჭრას ცდილობდა და გამუდმებით ხულიგნურ პროვოკაციებს აწყობდა" – წერია ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის მიერ არჩევნების წინ გავრცელებულ მიმართვაში.

კალაძემ აღნიშნა, რომ მან გადაწყვიტა ევროპული სტილის საარჩევნო კამპანია ჩაეტარებინა, რომელიც ოპონენტებზე თავდასხმაზე არ იქნებოდა ორიენტირებული.

"გადავწყვიტე, ბოლომდე წარმემართა ევროპული სტილის, მომავალზე ორიენტირებული საარჩევნო კამპანია, რომელიც მიმართული იქნებოდა არა ოპონენტების ნაკლოვანებებისა და მანკიერებების წარმოჩენისკენ, არამედ თბილისელებისთვის ქალაქის განვითარების ყველაზე დახვეწილი და კარგად გააზრებული გეგმის შეთავაზებისკენ". – წერია კალაძის მიმართვაში

მიუხედავად ამისა, კალაძემ წერილში მაინც ახსენა წინა ხელისუფლება და თქვა, რომ ქალაქი ბნელ წარსულს არასდროს დაუბრუნდება.

"მყარ მომავალს მყარი ფუნდამენტი განაპირობებს, რომელიც წარსულის სწორ ანალიზს ეფუძნება. პოლიტიკურ ძალას, რომელიც დღეს მეორე ტურში გვიპირისპირდება, თბილისმა განაჩენი დიდი ხნის წინ გამოუტანა, თუმცა, სამწუხაროდ, დღესაც გვიწევს, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ყველას, როგორ ხდებოდა მოქალაქეების ღირსების შელახვა, ძალადობა, ტერორი, საკუთრების ხელყოფა, უდანაშაულო ახალგაზრდების მკვლელობა, სიტყვის თავისუფლების ფეხქვეშ გათელვა, მედიის დარბევა, ცინიზმი, ტყუილი, რეკეტი". – ამბობს კალაძე

თვითმმარველობის არჩევნები საქართველოსი 2 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, თბილისში  კალაძემ ხმების 45.06% მიიღო, ოპოზიციის კანდიდატმა, ნიკა მელიამ კი - 33.95%. ქალაქში მეორე ტური გაიმართება. 

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური, კანონმდებლობის შესაბამისად, 30 ოქტომბერს გაიმართება. 

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები