არჩევნები 2021

ენმ: საკრებულოს შენობაში სიგნალის ჩამხშობი აპარატურა ვიპოვეთ

მთავარი არხი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, საკრებულოს შენობაში სიგნალის ჩამხშობი აპარატურა იპოვეს. 

როგორც საკრებულოს დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ლილე ლიპარტელიანი ტაბულასთან საუბარში ამბობს, აპარატი შენობის მე-3 სართულზე იპოვა, კაცი კი, რომელსაც ის ჩამოჰქონდა, კითხვის დასმის შემდეგ გაიქცა. 

"ვიპოვე სიგნალის ჩამხშობი და ხმის ჩამწერი აპარატურა. პოლიციას დავურეკე, ვეუბნებოდი, რომ უცხო ხალხი იყო საკრებულოში და რეაგირება იყო ნული.  

საკრებულოს შენობაში ჩანთის ასაღებად ვიყავი, როცა აპარატურა ვნახე. კაცმა ჩამოიტანა და გაიქცა, როცა ვკითხე, რა ჩამოჰქონდათ". - ამბობს ლიპარტელიანი.  

ლიპარტელიანის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ სამართალდამცავებს აპარატურა შენობიდან გააქვთ. ტაბულა მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.  

მედიის, მათ შორის, მთავარი არხის ინფორმაციით, აქციის მიმდინარეობისას ადგილიდან სიგნალის გადაცემა უჭირდათ.   

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარისა და ოპოზიციის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას თქმით, სიგნალის ჩამხშობი აპარატურის პოვნა კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ "ეს ქვეყანა არაფერზე დგას, გარდა ძალადობისა, უკანონო მიყურადებისა, მუქარისა და შანტაჟისა". 

საკრებულოში, რეალურად, თბილისელებზე უნდა ზრუნავდნენ და სოციალური პროქტების განხილვა უნდა მიმდინარეობდეს. საკრებულო ბიძინა ივანიშვილის ბოსტნად არის ქცეული, სპეცსამსახურების დანამატ შენობად. ჩემი პრობლემაც ალბათ უკვე ის არის, როგორც პოლიტიკოსის, რეალობაა ასეთი მძიმე, რომ არ მიკვირს ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ ეს ვიცი. [...] ჩემთვის იყო ნორმა და იმდენად ჩვეულებრივი, რომ არც კი გამკვირვებია. თუ ვინმემ დღემდე არ იცოდა, მათთვის სასარგებლო ინფორმაციაა. მათ შორის, ამ ყველაფრის წინააღმდეგ ვიბრძვით. ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი იხარჯება ამ სისულელეებზე". - ამბობს ნიკა მელია მთავართან ინტერვიუში. 

თავისუფლების მოედანზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია 18:00-ზე დაიწყო. მომიტინგეთა ნაწილი თავდაპირველად ორბელიანის და რესპუბლიკის მოედნებზე შეიკრიბა, რის შემდეგაც მათ თავისუფლების მოედანზე მსვლელობით გადაინაცვლეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებულ აქციას რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც შეუერთდნენ. 

კომენტარები