მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ბოკერია: მოლოდინი აქვთ, რომ სააკაშვილი აქციით გათავისუფლდება, არ ვუერთდები, რისიც არ მჯერა

გოგლიკო ფიფია/ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია განმარტავს, თუ რატომ არ უერთდება ხვალ, 14 ოქტომბერს ენმ-ს მიერ დაგეგმილ აქციას, რომელიც ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით იმართება. 

მისი თქმით, თაკო ჩარკვიანმა და სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა შექმნეს მოლოდინი, რომ ხვალ უნდა გადაწყდეს ყველაფერი, გათავისუფლდეს სააკაშვილი, თორემ არჩევნების მეორე ტურებს აზრი არ აქვს. მისივე თქმით, მას ამის არ სჯერა და "ამიტომ არ ავიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც არ მგონია, რომ შესრულებადია და სწორი მიდგომაა". 

"ის [სააკაშვილი] უნდა იყოს თავისუფალი და პოლიტიკური დევნა მთლიანად უნდა შეწყდეს, მაგრამ ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით იმ ფიგურებმა, ჩარკვიანებმა და ვიღაცებმა, ასევე სააკაშვილის მხარდამჭერების ნაწილმა სამწუხაროდ, შექმნეს მოლოდინი, რომ ხვალ უნდა გადაწყდეს ეს ყველაფერი, მოხდეს სააკაშვილის გათავისუფლება და სააკაშვილის გათავისუფლების გარეშე მეორე ტურებს აზრი არ აქვს. ზოგადი მიდგომაა, რომ სააკაშვილის გათავისუფლებაში არის გასაღები ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების. ეს მე არასწორ მოლოდინად მიმაჩნია, არარეალურად და ამიტომ არ ავიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც არ მგონია, რომ შესრულებადია და სწორი მიდგომაა.

ბოკერიას თქმით, სწორედ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება იქნება პოლიტიკური დევნის დასრულების გასაღები. 

"პირიქითაა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება არის გასაღები პოლიტიკური დევნის დასრულების, მათ შორის პოლიტიკური პატიმრობიდან სააკაშვილის გათავისუფლების და არა პირიქით. ერთია, როდესაც გზავნილი არის, რომ პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს, სირცხვილი, პრობლემაა, რომ სააკაშვილი პოლიტიკური მოტივებით ზის ციხეში, ეს ღარიბაშვილმა ღიად და უტიფრად გვითხრა, მეორეა, თუ აქცია-ღონისძიება არის კონკრეტული ლიდერის პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, რომ ის არის მხსნელი, ეს შეცდომაა ყველა თვალსაზრისით – ტაქტიკურად და სტრატეგიულად. როდესაც ასეთი არაზუსტი ამოცანაა და არ ვიცით, რას აპირებენ, როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, არ ვიღებ პსუხისმგებლობას ამ ყველაფერზე". - ამბობს ბოკერია.

ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში 14 ოქტომბერს საპროტესტო აქცია გაიმართება.  

საქართველოში 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 30 ოქტომბერს გაიმართება. 

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021.

კომენტარები