დავითგარეჯის საქმე

GDI: მელაშვილისა და ილიჩოვას საქმის განხილვა განახლდა, პროცესი 13 ოქტომბერს ჩაინიშნა

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი თავმჯდომარისა და წევრის, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საქმის განხილვა განახლდა. GDI-ის ცნობით, რომელიც მელაშვილისა და ილიჩოვას უფლებებს იცავს, პროცესი 13 ოქტომბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა. 

"ხვალ, 13 ოქტომბერს, 14:00 სთ-ზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში განახლდება საქმის არსებითი განხილვა კარტოგრაფების საქმეზე. როგორც ჩვენთვის ცნობილია, შეიცვალა საქმის არსებითად განმხილველი მოსამართლე და სხდომას, მოსამართლე დალი მეტრეველის ნაცვლად, ნინო ნაჭყებია გაუძღვება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით საქმის არსებითი განხილვის დროს მოსამართლის ცვლილება საქმის არსებითი განხილვის ხელახლა დაწყების საფუძველია". – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

სასამართლომ 28 იანვარს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა  20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მათი გირაოს თანხა 2 საათში შეგროვდა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ  თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.   

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.  

20 აპრილს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმე GDI-მ სტრასბურგში გაგზავნა

კომენტარები