მიხეილ სააკაშვილის დაკავება

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თაკო ჩარკვიანი რუსთაველზე აქციას მართავს

სახალხო მოძრაობის ხელმძღვანელის, თაკო ჩარკვიანის ორგანიზებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს. 

აქცია წუთიერი დუმილით დაიწყო. მონაწილეებმა სანთლები აანთეს და ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევისას დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს. 

თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტია და არა ერთი პარტიის. მისი თქმით, ის დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლებდეს. მისივე თქმით, დაუშვებელია საქართველოს პრეზიდენტი იდევნებოდეს და ციხეში იჯდეს. 

1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმშია. მალევე, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მმართველი გუნდის წევრებიც, მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტს უკრაინაც კი არ დაუტოვებია.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში იმავე დღეს დააკავეს. ადვოკატების ინფორმაციით, ის დაკავების დღიდან შიმშილობს. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის დაკავებას "გასაიდუმლოებული ოპერაცია", ხოლო ხელისუფლების მხრიდან ექსპრეზიდენტის საქართველოში ყოფნის უარმყოფელ განცხადებებს "ოპერატიული ტაქტიკა უწოდა". 

ადვოკატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, 1-ლი ოქტომბრიდან შიმშილობს. 8 ოქტომბერს სააკაშვილის მონახულების შემდეგ მისი წერილი ნიკა გვარამიამ წაიკითხა, ექსპრეზიდენტი წერდა, რომ შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. 

 

კომენტარები