ბათუმი

ექიმი: ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცი მართვით სუნთქვაზე რჩება, მდგომარეობა ისევ მძიმეა

შსს

კლინიკა მედცენტრის რეანიმატოლოგის, ჯემალ გელაშვილის ინფორმაციით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცის მდგომარეობა ისევ მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე რჩება. 

"მისი მდგომაროება ისევ მძიმეა, თუმცა ამ ეტაპისთვის სიტუაცია კონტროლირებადია. პაციენტს გუშინ ჩაუტარდა მთელი რიგი ლაბორატორიული ანალიზები, სპეციალისტების კონსულტაციები. გვაქვს დიაგნოზები: სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი, დაუზუსტებელი შოკი, ეს არის წინასწარი დიაგნოზები და ამ დიაგნოზებით აგრძელებს პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას. მდგომარეობა არის მძიმე, საყურადღებო, დაგეგმილია კიდევ მთელი რიგი კვლევებისა. შედეგებზე, ჯერჯერობით, ვერაფერს ვერ ვიტყვით. პაციენტი მართვით სუნთქვაზე რჩება". – თქვა ექიმმა ჯემალ გელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამ დროისთვის კორპუსის ჩამონგრევის შედეგად სულ 6 ადამიანია გარდაცვლილი. მაშველებმა ნანგრევებიდან სულ 7 ადამიანი ამოიყვანეს, მათგან 2 ცოცხალი, თუმცა ქალი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა მინისტრის ინფრომაციით, ნანგრევებში კიდევ 3 ადამიანს ეძებენ.

უფრო ადრე მაშველებმა ნანგრევებიდან ორი მცირეწლოვანი ცოცხლად გამოყვანა შეძლეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. უწყებამ გამოძიებით დაადგინა, რომ საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.

კომენტარები