მიხეილ სააკაშვილის დაკავება

რუსთავის ციხესთან აქტივისტები პოლიციას დაუპირისპირდნენ – არიან დაკავებულები

კადრი ვიდეოდან / რადიო თავისუფლება

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე, რომელიც რუსთავის ციხესთან მიმდინარეობდა, პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა, არიან დაკავებულებიც. აქტივისტებს კედლებზე წარწერის – "თავისუფლება მიშას" დაწერა სურდათ.

ტაბულა მომხდარზე დამატებითი დეტალების გასარკვევად და დაკავებულთა რაოდენობის დასაზუსტებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და მას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმშია. მალევე, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მმართველი გუნდის წევრებიც, მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტს უკრაინაც კი არ დაუტოვებია.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში იმავე დღეს დააკავეს. ის დაკავების დღიდან შიმშილობს. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის დაკავებას "გასაიდუმლოებული ოპერაცია", ხოლო ხელისუფლების მხრიდან ექსპრეზიდენტის საქართველოში ყოფნის უარმყოფელ განცხადებებს "ოპერატიული ტაქტიკა უწოდა". 

კომენტარები