აშშ

ტეხასში აბორტის ამკრძალავი კანონის აღსრულება მოსამართლემ დროებით შეაჩერა

აშშ-ს შტატ ტეხასში მოსამართლემ დროებით შეაჩერა აბორტის საწინააღმდეგო ახალი კანონის აღსრულება. ე.წ გულისცემის კანონი აბორტს თითქმის ყველა შემთხვევაში კრძალავს. მოსამართლე რობერტ პიტმანმა დააკმაყოფილა ბაიდენის ადმინისტრაციის მოთხოვნა, შეჩერებულიყო კანონის აღსრულება, სანამ მასზე სამართლებრივი დავა მიმდინარეობს.

თეთრმა სახლმა კანონის აღსრულების შეჩერება ქალთა კონსტიტუციური უფლებების აღდგენისთვის მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.

მოსამართლე პიტმანის მოსაზრებით, მას შემდეგ რაც 1-ელ სექტემბერს კანონი ძალაში შევიდა "ქალებს უკანონოდ შეეზღუდათ საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლი, რომელიც კონსტიტუციით არის დაცული".

ორგანიზაცია Whole Woman's Health-ის თანახმად, ორგანიზაცია გეგმავს რაც შეიძლება მალე გახადოს აბორტი ხელმისაწვდომი თავის კლინიკებში. აბორტის მოწინააღმდეგეთა ჯგუფმა Texas Right to Life-მა მოსამართლე "აბორტის ინდუსტრიის" ინტერესების დაკმაყოფილებაში დაადანაშაულა და სამართლებრივი დავის შემდეგ ეტაპზე "სამართლიანი მოსმენა" მოითხოვა.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ტეხასში აბორტის ამკრძალავი კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმაც მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ, რომელშიც მოსამართლეთა უმეტესობა კონსერვატორია, უარი თქვა შტატში კანონის აღსრულება შეეჩერებინა.

პრეზიდენტი ბაიდენის შეფასებით აბორტის საწინააღმდეგო ახალი კანონი თავდასხმაა ქალთა უფლებებზე. 

ე.წ გულისცემის კანონი კრძალავს აბორტს ვადაზე როდესაც ნაყოფის გულისცემა გარჩევადია. რის შედეგადაც ტეხასში აბორტი ფაქტობრივად იკრძალება ორსულობის 6 კვირის ვადაზეც კი, რაც ხშირ შემთხვევაში არ არის საკმარისი ვადა იმისთვის, რომ ქალებმა შეამცირონ, რომ ორსულად არიან.

კანონი უფლებას აძლევს მოქალქეებს უჩივლონ იმ ექიმებს, რომლებიც 6 კვირის ვადის შემდეგ აბორტს გააკეთებენ. კანონი მოქალაქეს უფლებას არ აძლევს უჩივლოს ქალს, რომელიც აბორტს იკეთებს. 

ახალი კანონის ფარგლებში უკვე უჩივლეს ექიმ ალან ბრეიდს. Washington Post-თან საუბრისას ექიმმა განმარტა, რომ პაციენტზე ზრუნვა მისი მოვალეობაა და ქალს ფუნდამენტური უფლება აქვს, ჰქონდეს წვდომა აბორტზე.

კომენტარები