არჩევნები 2021

მელია: უახლოეს დღეებში თბილისის ჩრდილოვან მთავრობას დავასახელებ, რომელიც კოალიციური იქნება

ნიკა მელია
ტაბულა

ოპოზიციის შეთანხმებული თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას თქმით, უახლოეს დღეებში დედაქალაქის "ჩრდილოვან მთავრობას" დაასახელებს, რომელიც კოალიციური იქნება. მელიამ TV პირველის ეთერში აღნიშნა, რომ მოლაპარაკება ყველა პოლიტიკურ პარტიასთან ექნება, "იმის განურჩევლად, ვინ რამხელა მხარდაჭერა მოიპოვა". 

"დიახ, აუცილებლად [კოალიციური], უახლოეს დღეებში [დავასახელებ] დედაქალაქის მერის მთავრობას, რომელშიც თავს დაინახავს მაქსიმალურად ყველა თბილისელი... სახელებით და გვარებითაც და ბუნებრივია, პოლიტიკური პარტიებსაც. დაწყებული მაქვს კონსულტაციები და უახლოეს დღეებში მოვიცავ ყველა პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიას და რაც მალე მით უკეთესი, რა თქმა უნდა, ყველასთვის. ჩვენ საზოგადოების წინაშე წარვსდგებით ერთიანი, ჩრდილოვანი დედაქალაქის მთავრობით, სადაც, რაც მახარებს, მაქსიმალურად ყველა თბილისელი საკუთარ თავს დაინახავს" - თქვა მელიამ.

30 ოქტომბერს საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მათ შორის, თბილისშიც, ქართული ოცნების კანდიდატს კახა კალაძესა და ოპოზიციის შეთანხმებულ კანდიდატს, ნიკა მელიას შორის.

კომენტარები