Facebook

6-საათიანი გათიშვის შემდეგ FACEBOOK-ი სერვისები ეტაპობრივად აღდგა

6-საათიანი გათიშვის შემდეგ Facebook-ის სერვისები, Messenger-ი, Instagram-ი და WhatsApp-ი კვლავ მუშაობს, თუმცა მომხმარებლების ნაწილი გარკვეულ შეფერხებებს აწყდება. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა სოციალური მედიის გათიშვის მიზეზი.

The New York Times-ის შიდა კავშირის პლატფორმა, Workplace ასევე არ მუშაობდა და თანამშრომლები ერთმანეთს ვერ უკავშირდებოდნენ. NYT-ის ჟურნალისტის თანახმად, გარკვეულ შემთხვევებში თანამშრომლები კომპანიის შენობებში შესვლას ვერ ახერხებდნენ, რადგან მათი საშვები არ მუშაობდა.

საიტის Donwdetector-ის თანახმად, რომელიც ინტერნეტსაიტების გათიშვის შესახებ ინფორმაციას აღრიცხავს, შეფერხებას გლობალური ხასიათი ჰქონდა და საქართველოს დროით დაახლოებით 19:40-იდან დაიწყო.

სერვისების გათიშვის შემდეგ Facebook-მა განცხადება Twitter-ზე გაავრცელა.

"ჩვენთვის ცნობილია, რომ ზოგიერთ ადამიანს აქვს ჩვენს აპლიკაციებსა და პროდუქტებზე წვდომის პრობლემა. ვმუშაობთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნდეთ ნორმალურ მდგომარეობას. ბოდიშს ვიხდით შეფერხებისთვის." - ნათქვამია განცხადებაში. 

NYT-სთან საუბარში Facebook-ის თანამშრომლები ამბობენ, რომ გათიშვა ჰაკერულ შეტევასთან არ არის დაკავშირებული, რადგან აპლიკაციების ტექნოლოგიები საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან იმისთვის, რომ ერთი კიბერშეტევით ყველა სერვისი ერთდროულად გათიშულიყო.

როგორც BBC-ი წერს, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სოციალური მედიების მუშაობის პრობლემა DNS-სთან არის დაკავშირებული. DNS-ს ხშირად ადარებენ ინტერნეტის "მისამართების წიგნს", რომელიც ინტერნეტ ბრაუზერებს მიანიშნებს იმ კომპიუტერულ სისტემებზე, რომლებიც მათ მიერ მოსაძებნ ვებგვერდებს ემსახურება. სოციალური მედიის გათიშვას DNS-ს სერვერების კონფიგურაციის პრობლემებს უკავშირებს The Associated Press-იც. DNS-სთან დაკავშირებულმა პრობლემებმა 2021 წელს სხვადასხვა მსხვილი საიტების, მათ შორის Airbnb-ის, HSBC-ის ბანკის და ბრიტანეთის აივახაზების საიტების გათიშვა გამოიწვია. თუმცა მაშინ საიტები ამდენი ხნით არ იყო გათიშული.

კომპანიის Cloudflare-ის წარმომადგენლის ჯონ გრაჰამ-ქამინგის თანახმად, სავარაუდოდ პრობლემა Facebook-ის სერვერებშია, რომლებიც ადამიანებს Instagram-ის და WhatsApp-ის საიტებთან დაკავშირების საშუალებას არ აძლევს. Cloudfare-ი ვებინსფრასტრუქტურის კომპანიაა, რომელის მიერ შემუშავებული სისტემები Facebook-ის ინტერნეტ ინფრასტრუქტურაში გამოიყენება.

ჯონ გრაჰამ-ქამინგის განმარტებით, კომპიუტერები facebook.com-ის ნაირი სიტყვიერ მისამართებს შიდა პროტოკოლით გათვალისწინებულ ციფრულ მისამართში გარდაქმნიან სისტემით, რომელიც "მისამართების წიგნთან" არის დაკავშირებული. Facebook-ის პრობლემა კი ჰგავს შემთხვევას, როდესაც ტელეფონში შენახული კონტაქტებიდან ნომრები წაიშლება და მათთან დაკავშირება შეუძლებელი ხდება.

კომენტარები