არჩევნები 2021

ცესკო: შემაჯამებელ ოქმებში ე.წ. დისბალანსზე გავრცელებული ინფორმაცია არასწორია

ცესკოს მტკიცებით, სპეციალური საარჩევნო უბნების შემაჯამებელ ოქმებზე ე.წ. დისბალანსთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არასწორია. უწყების განმარტებით, პენიტენციურ დაწესებულებებსა და ე.წ კოვიდ-უბნებზე ამომრჩეველი მხოლოდ პროპორციულ ნაწილში იღებდა მონაწილეობას.

"მაგალითად, N20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის N86 საუბნო საარჩევნო კომისიაში, რომელიც წარმოადგენს პენიტენციურ დაწესებულებას, შედგა სამი სახეობის ოქმი, რომელშიც თითქოს დისბალანსია. თუმცაღა ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან ზემოაღნიშნულ უბანზე, ამომრჩეველს შესაძლებლობა ჰქონდა მხოლოდ პროპორციულ ნაწილში მიეღო კენჭისყრაში მონაწილეობა. პროპორციულ ოქმში სისწორე დაცულია. 

ცალსახაა, რომ შემაჯამებელ ოქმებში, რომლებიც შედგა პენიტენციურ დაწესებულებებსა და ე.წ. კოვიდუბნებზე, დისბალანსი იქნება, ვინაიდან სპეციალურ უბნებზე ამომრჩევლები არ აძლევენ ხმას მაჟორიტარული სისტემით, რაც სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან. 

აქედან გამომდინარე, გთხოვთ გავითვალისწინოთ აღნიშნული გარემოებები და ნუ შევიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში; აქვე აღვნიშნავთ, თუ იარსებებს ისეთი ოქმები, რომლებიც შეიცავენ ხარვეზს, ისინი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ იქნება სათანადოდ შესწავლილი“,-განაცხადა ინფორმაციის დაცულობის ცენტრის სპიკერმა, თორნიკე გოგისვანიძემ.

კომენტარები