არჩევნები 2021

ბოკერია: აუცილებელი მიზანია ქვეყნის მასშტაბით შედეგების დაცვა, შემდეგ II ტურში გამარჯვება

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერია თქმით, ამ ეტაპზე აუცილებელი მიზანია ერთი მხრივ არჩევნების შედეგის დაცვა, მეორე მხრივ კი მეორე ტურებში გამარჯვება.

"ახლა მთავარი ამოცანა არის ამ შედეგების ფონზე და წინასწარი მონაცემებით, რაც ვიცით არის ის, რომ თბილისში ხელისუფლებამ მარცხი იწვნია მწარე და ასევე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დიდ და საკვანძო რაიონებშიც მსგავსი შედეგია, და ყველა შემთხვევაში, რა შედეგიც არის ყველა იმ მოქალაქის ხმის დასაცავად, ვინც ეს სამოქალაქო ვალი მოიხადა. მთელი ამ დათვლის პერიოდში ჩვენი აუცილებელი მიზანია ყველა ამ ხმის დაცვა, უდიდესი ალბათობით იქნება მეორე ტური, 100%-ით თბილისში უნდა იყოს მეორე ტური, წარმოუდგენელია რა უნდა გააკეთოს, ამიტომ ჩვენ ფოკუსირებული უნდა ვიყოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით შედეგების დაცვაზე და შემდეგ მეორე ტურში გამარჯვებაზე, სადაც მეორე ტურს მოვიპოვებთ". - თქვა გიგა ბოკერიამ.

ტელეკომპანია ფორმულასა და მთავარი არხის ეგზიტპოლების მიხედვით, თბილისში მეორე ტურები დაინიშნება, ხოლო TV იმედის მიხედვით კი, კახა კალაძემ თბილისის მერის არჩევნები პირველივე ტურში მოიგო. 

Edison Research-ს (ფორმულას) 18:00 საათის მონაცემების მიხედვით, კახა კალაძეს 43% აქვს, ნიკა მელიას კი – 39%. 

IPSOS-ის (მთავარი არხის) 17:00-საათიანი მიხედვით, პირველ ადგილს ნიკა მელია იკავებს 40.8%-ით, კახა კალაძეს კი 40.2% აქვს;. 

რაც შეეხება GORBI-ის (იმედის) 18:00-საათიან ეგზიტპოლებს, კახა კალაძეს 51.3% აქვს, რაც ნიშნავს, რომ ის პირველივე ტურში იმარჯვებს, ხოლო ნიკა მელიას კი  – 34.6%.

კომენტარები