არჩევნები 2021

ბოკერია: არსებული მონაცემებით, აქტივობა მაღალია, მაგრამ სასურველია, კიდევ უფრო გაიზარდოს

"ჯერჯერობით რა მონაცემებიც გვაქვს, ჩვენი მოქალაქეების გამოცხადება არჩევნებზე არის უფრო მაღალი, ვიდრე წინა თვითმმართველობის არჩევნებზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოქალაქეები ამას არ მიიჩნევენ ჩვეულებრივ არჩევნებად, მაგრამ, სასურველია კიდევ უფრო გაზრდა აქტივობის". - ამის შესახებ ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ თქვა. 

"კიდევ ერთხელ უნდა მოვუწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ყველა ხმა ეხლა წყვეტს ჩვენი ქვეყნის ბედს, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე კარგა ხნით და ვისაც ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია ეხლაც არის დრო, რომ არ გაუშვას ეს შანსი ხელიდან და მივიდეს არჩევნებზე". - ამბობს ბოკერია. 

მან გამართულ ბრიფინგზე საარჩევნო აგიტაციის ამსახველი ვიდეო-მასალაც აჩვენა. 

"თუკი რამე მასობრივ დარღვევაზე შეიძლება ჯერჯერობით ლაპარაკი რაც ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ და რაც ევროპული საქართველოს დამკვირვებლებმა ნახეს, ეს არის 100-მეტრიანი რადიუსის დარღვევა და კრიმინალური შეკრებების იგნორირება მასობრივად და ყველგან. 

ამის მაგალითია ეს, რაც ჩვენმა დამკვირვებელმა გადაიღო ქობულეთში, გარეთ ბირჟა, იქვე მოძრაობენ, როგორც წესი, ამ ხალხს იცნობს გარემოცვა და არიან ძალადობისკენ მიდრეკილი ხალხი. ეს არის ხელწერა ამ რეჟიმის. ეს ყველაფერი აღმოჩნდება ფუჭი ივანიშვილის რეჟიმის მიმართ, თუ ჩვენი მოქალაქეები მოვლენ არჩევნებზე. ყველა ჩვენგანს შეუძლია, რომ ეს ყველაფერი წყალში ჩაუყაროს ამ სამარცხვინო რეჟიმს". - ამბობს ბოკერია. 

დღეს, 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021.

კომენტარები