არჩევნები 2021

ნონიაშვილი: ჩუღურეთის საარჩევნო უბანთან შეკრებილებმა ჟურნალისტზე ფიზიკურად იძალადეს

ევროპული საქართველოს ლიდერისა და ჩუღურეთში ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატის, გიორგი ნონიაშვილის თქმით, ჩუღურეთის ოლქში, საარჩევნო უბანთან შეკრებილმა ადამიანებმა ჟურნალისტზე ფიზიკურად იძალადეს. ნონიაშვილმა ბრიფინგზე იმ ადამიანის ფოტომასალა გაავრცელა, ვინც, მისი თქმით, ჟურნალისტზე იძალადა. 

მისივე ინფორმაციით, ადგილზე არიან ქართული ოცნების კოორდინატორებიც, რომლებიც ამომრჩევლების მოსყიდვას ცდილობენ. 

"ჩუღურეთის ოლქში, 24-ე საარჩევნო უბანთან, მობილიზებული იყო სუს-ის მანქანა, როგორც კი საარჩევნო დამკვირვებლები გამოჩნდნენ უბანზე, ეგრევე სუს-ის მანქანა გაიქცა უბნიდან. ამავდროულად, უბნის წინ მოწყობილი იყო ბირჟა, ადამიანები იყვნენ შეკრებილები, რომლებიც ამომრჩეველს უთვლიდნენ, ვინმე მერცხალას მიერ მოკითხვას, რომელიც ჩვენი ინფორმაციით იმყოფება საპატიმრო დაწესებულებაში. ეს ადამიანები საკმაოდ აგრესიულად იყვნენ განწყობილები, მათ შორის მაშინ, როცა მე გამოვჩნდი და როგორც კი ჟურნალისტი ცალკე მოიხელთეს, ეგრევე ფიზიკურად იძალადეს. 

ამ ყველა სიკეთესთან ერთად, სუსის, კრიმინალების მობილიზებასთან ერთად, იქვე შორიახლოს ქართული ოცნების კოორდინატორებიც დადიოდნენ და ჩვენი ინფორმაციით, ეწეოდნენ ამომრჩევლების მოსყიდვას". - ამბობს ნონიაშვილი. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მომხდარზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვთ და არკვევენ. 

დღეს, 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021.

კომენტარები