საქართველოს საფონდო ბირჟა

6 ლარი – საქართველოს საფონდო ბირჟის დღიური საშუალო ბრუნვა სექტემბერში  

საქართველოს საფონდო ბირჟა პროგრესს განიცდის, კერძოდ, 2021 წლის თებერვლიდან აგვისტომდე ბირჟაზე არცერთი გარიგება არ შემდგარა და, შესაბამისად, საშუალო ბრუნვა ნულ ლარს შეადგენდა. სექტემბერში კი ერთადერთი ტრანზაქცია განხორციელდა, რომლის წყალობით, დღიურმა საშუალო ბრუნვამ 6 ლარს მიაღწია.  

სექტემბრის პირველი და უკანასკნელი ტრანზაქცია ლიბერთი ბანკს ეკუთვნის, რომლის საერთო ღირებულება 137 ლარია. 

აღსანიშნავია, რომ მარტში, აპრილში, მაისში, ივნისსა და ივლისში ბირჟაზე არცერთი ტრანზაქცია არ განხორციელებულა. 

სსბ-ის ინფორმაციით, ბირჟაზე 26 კომპანიის ფასიანი ქაღალდებია განთავსებული და მათი ჯამური მოცულობა 763 მილიონ დოლარს შეადგენს.

"საქართველოს საფონდო ბირჟა არის ერთადერთი მოქმედი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარი საქართველოში, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა და ფუნქციონირებს ამერიკელი ექსპერტების დახმარებით შემუშავებულ საკანონმდებლო ჩარჩოებში. სსბ აკმაყოფილებს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის საერთაშორისოდ დამკვიდრებული პრაქტიკის ყველა საბაზისო მოთხოვნას.ჩვენ ვთავაზობთ ეფექტურ საინვესტიციო მექანიზმს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ინვესტორებს.

სსბ-ის ელექტრონული სავაჭრო სისტემა ბროკერებს ათასობით სხვადასხვა აქციით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს სამუშაო ადგილებიდან, რომლებიც განლაგებულია როგორც სსბ-ის სავაჭრო დარბაზში, ასევე საბროკერო კომპანიათა ოფისებში - დისტანციური წვდომის ტერმინალების დახმარებით". – წერია სსბ-ის ოფიციალურ გვერდზე.
 

კომენტარები