კეზერაშვილი საქმე

გუმბარიძე: ფორმულაზე ახალი შეტევის მთავარი მიზეზი EDISON RESEARCH-ის კვლევის შედეგებია

ტელეკომპანია ფორმულას გენერალური დირექტორის, ზუკა გუმბარიძის თქმით, თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და ფორმულას დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელის მთავარი მიზეზი 27 სექტემბერს ტელეკომპანიის ეთერში ნაჩვენები Edison Research-ის კვლევაში ქართული ოცნების შედეგი იყო. 

"ბუნებრივია ეს ფაქტი უკავშირდება ტელეკომპანია ფორმულას და არის ნაწილი, ზოგადად კრიტიკული მედიის წინააღმდეგ არსებული იმ კამპანიისა, რასაც ახორციელებს ხელისუფლება უკანასკნელ პერიოდში და როგორც ჩანს, ეს ქმედებები ფინალურ ფაზაში შედის. რა არის ამ გადაწყვეტილების მიზეზები: მე მინდა გაგახსენოთ ყველას, რომ ორშაბათს ტელეკომპანია ფორმულას ეთერში გავიდა კომპანია Edison Research-ის მიერ წარმოებული კვლევები, რომელშიც მაყურებელმა ნახა ის, რომ ხელისუფლება ფაქტიურად ვერ ახერხებს 43%-იანი ბარიერის გადალახვას და სწორედ ეს გახდა მთავარი განმაპირობებელი მიზეზი იმისა, რომ ესეთი დაჩქარებული ტემპით ხელისუფლებას მიეტანა ახალი შეტევა ფორმულასა და მის დამფუძნებელზე", - თქვა მან.

გუმბარიძემ საგანგებო ბრიფინგის მიმდინარეობისას ამერიკის საელჩოს მოუწოდა, რომ გაატარონ პრევენციული ზომები, რათა არ მოხდეს ზეწოლა ეგზიტპოლის ჩამატარებელი კომპანიის, Edison Research-ის ამერიკელ და ქართველ თანამშრომლებზე.

"მე მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ უკვე გვქონდა კომუნიკაცია Edison Research-ის  წარმომადგენლობასთან და რა სცენარითაც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, სულ რომ დღეს, ან ხვალ ამ კომპანიაში დაინიშნოს დროებითი მმართველი, ან მოხდეს რაიმე სხვა ტიპის ღონისძიება, რომელიც ხელს შეუშლი ეგზიტპოლების გამოქვეყნებას, ეს ეგზიტპოლები მაინც გავა რომელიმე ქართული არხის ეთერში. ბუნებრივია ეგზიტპოლის გარდა ეს ყველაფერი უკავშირდება მოახლოებული არჩევნების შემდეგ სცენარების განხილვას, რა სცენარები შეიძლება იყოს განვითარებული ქვეყანაში. 

ყველა ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში ხელისუფლების მთავარ სამიზნეს ამ ქვეყანაში წარმოადგენს კრიტიკული მედიები და მათი გაჩუმება. ჩვენ ვიცით, რომ გარდა ამ ქეისისა, ფაქტიურად ბოლოში არის გასული ნიკა გვარაიას ქეისი, დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობდა ვატო წერეთელის მამის სასამართლო პროცესები, რაც აჩენს ბუნებრივ ეჭვს, რომ თუ არჩევნებზე ხელისუფლებისთვის არ დადგება სასურველი შედეგი, ისინი განიხილავენ სცენარს, რომ ერთდროულად მოხდეს სამივე ამ კრიტიკული მედიის შეფერხება, ან გაჩერება და ამისთვის ისინი გამოიყენებენ ე,წ. სამართლებრივ ბერკეტებს", - თქვა მან.

თვითმმართველობის არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე ტელეკომპანია ფორმულას ეთერში გამოქვეყნებული Edison Research-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდნენ ხმას, ალოკაციით, ქართულ ოცნებას 36% აქვს, ხოლო კითხვაზე, თბილისის მერის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდნენ ხმას, კახა კალაძეს - 43% აქვს.


30 სექტემბერს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ დავით კეზერაშვილისა და მისი თავდაცვის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს, "თავდაცვის უწყების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით". 

2021 წლის 7 სექტემბერს დავით კეზერაშვილს უზენაესმა სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ კეზერაშვილს თავდაპირველად 10 წელი მიუსაჯა და შემდეგ ეს სასჯელი ამნისტიით გაუნახევრდა. ეს საქმეზე პირველი გამატყუნებელი განაჩენია. 

უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ 6 წლის წინ აღძრულ საქმეზე სასამართლო წარმოება 2021 წლის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე განაახლა. სასამართლომ განიხილა ე.წ წვრთნების საქმე, რომელზეც ორმა სასამართლო ინსტანციამ დავით კეზერაშვილი უკვე გაამართლა. 

ადვოკატის, გიორგი გელხაურის შეფასებით, არჩევნების წინ ძველი საქმის განხილვის გადაწყვეტილება ემსახურება მხოლოდ მედიაზე ზეწოლას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმის მოსამართლე, შალვა თადუმაძე 3 წლის წინ, ამ საქმის განხილვის დროს გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა.

პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვაში დასდო, თუმცა ბრალი ვერ დაუმტკიცა და ბოლო გამამართლებელი განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წელს გამოაცხადა.

კომენტარები