არჩევნები 2021

მოქალაქე: აღმოვაჩინე, რომ გირჩმა ქარელში პარტიულ სიაში ჩამწერა – შეუთანხმებლად

მოქალაქე კოკა კაპანაძე Facebook-ზე წერს, რომ პარტია გირჩმა, მასთან შეუთანხმებლად ქარელში, პარტიული სიის მეოთხე ნომრად ჩაწერა. 

როგორც კაპანაძე წერს, ის გირჩს დაუკავშირდა, თუმცა, მათგან ახსნა-განმარტებას ამ დრომდე ელოდება. 

"მეგობრებო, ვინც საარჩევნო კოდექსი კარგად იცით ან რაიმე შეხება გქონიათ მსგავს ქეისთან გთხოვთ მირჩიოთ როგორ მოვიქცე. სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე დღეს რომ იაგო ხვიჩიას და ვახტანგ მეგრელიშვილის პარტია გირჩმა ჩემი ნებართვის გარეშე ჩამწერა მეოთხე ნომრად თავის პარტიულ სიაში ქარელის მუნიციპალიტეტში. არანაირი შეხება არც გირჩთან და არც ქარელთან არასდროს არ მქონია. ნამყოფიც არ ვარ ქარელში. რა პრინციპით და როგორ მოხდა ჩემი პირადი მონაცემების ამოღება და ჩემი თანხმობის გარეშე სიაში ჩემი ჩასმა გაუგებარია. ცესკოში დამიდასტურეს ეს ინფორმაცია და მითხრეს რომ ვერაფერს ვერ მოიმოქმედებდნენ და რომ პარტიას უნდა დავუკავშირდე, მაგრამ ტექნიკურად შეუძლებელია სიაში ცვლილებების შეტანა ამ ეტაპზე. პარტიას მივწერე და ველოდები მათგან ზარს მთელი დღეა რომ მოვისმინო ახსნა-განმარტება მაგრამ რაც არ უნდა მითხრან გამოდის რომ ამ საკითხს ვერანაირად ვერ გადავჭრი და ქარელის საკრებულოს წევრობაზე კანდიდატსდ მაინც დავრჩები? მადლობა წინასწარ რჩევებისთვის". - წერს კაპანაძე. 

ტაბულა პარტიის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ მათ მოქალაქეებისგან პირადობები 5 ლარად შეიძინეს და "ალბათ, ასე მოხვდა ეს ადამიანი სიაში". 

"სინამდვილეში არჩევნებზე ყველა პარტიას აქვს ეს პრობლემა, რომ თუ გინდა რომელიმე ოლქში მოხვდე, მაგალითად, თუ გინდა, რომ თელავის ოლქში მოხვდე ბიულეტენში, თელავის საკრებულოში რამდენი ადამიანიც ეტევა, იმხელა სია უნდა წარადგინო. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით 1500 ადამიანზე მეტი შეიძლება გყავდეს ამ სიებში. იმის გამო, რომ ამდენი ადამიანი არ გვყავდა, გვქონდა Facebook-ზე კამპანია, რომ 5 ლარის სანაცვლოდ, მათ პირადობების გამოყენების უფლება მოეცათ და ჩვენ ტექნიკურ სიაში ყოფილიყვნენ. ალბათ ვიღაცამ ამ ადამიანის პირადობა ჩაგვიგდო და ასე მოხვდა. სამწუხაროდ, ჩვენ ამას ვერ გავაკონტროლებთ". - უთხრეს ტაბულას გირჩის პრესსამსახურში. 

თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება. 

კომენტარები