რეჯეფ თაიფ ერდოღანი

ერდოღანი: მინდა აშშ-ს ჯარები სირიიდან და ერაყიდან გავიდნენ, როგორც ავღანეთიდან გავიდნენ

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა CBS News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მას სურს, აშშ-ს დარჩენილმა სამხედრო კონტინგენტმა დატოვოს სირია და ერაყი, ისევე, როგორც ავღანეთი დატოვეს. 

მას ჟურნალისტმა ჰკითხა, ჰქონდა თუ არა სურვილი, სირიიდან დარჩენილი 900 ამერიკელი სამხედრო გასულიყო. 

"რა თქმა უნდა, ჩემი ნება რომ იყოს, ვისურვებდი მათ [აშშ-ს] სირია და ერაყი დაეტოვებინათ. ისე, როგორც ისინი ავღანეთიდან გამოვიდნენ. რადგან თუ მსოფლიოში მშვიდობის დამყარება გვსურს, ამ რეგიონებში ყოფნას აზრი აღარ აქვს. ჩვენ შეგვიძლია ეს ხალხი დავტოვოთ, დავტოვოთ ეს მთავრობები, რომ თავად გადაწყვიტონ, რა სურთ", – უპასუხა ერდოღანმა ჟურნალისტს.

საპასუხოდ, ჟურნალისტმა მას ჰკითხა, ამ შემთხვევაში შევიდოდა თუ არა ამ ქვეყნებში თურქეთი, ადამიანების უფლებათა დაურღვევლობის გარანტიით. 

"არასდროს დავრჩებით იქ, სადაც ჩვენი ყოფნა არ სურთ. არ დავრჩებით იქ, სადაც არ გვიღებენ. ახლა, სირიაში 100 000 აგურის სახლს ვაშენებთ. ადამიანებსა და ოჯახებს იძულებით გადაადგილება მოუწიათ, ისინი სამშობლოდან გაყარეს და ჩვენ მათ იქ სახლებს ვუშენებთ. მაინტერესებს სხვა ქვეყნები რას აკეთებენ, ძალიან მნიშვნელოვანია ამის დანახვა", – უპასუხა თურქეთის პრეზიდენტმა შეკითხვას. 

ინტერვიუს დროს ერდოღანი და CBS-ის ჟურნალისტი შეეხნენ რუსეთისგან S-400-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენის საკითხსაც, რამაც რამდენიმე წლის წინ ურთიერთობა დაძაბა ვაშინგტონსა და ანკარას შორის და თურქეთი F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების პროგრამიდან ამოიღეს. 

აშშ-მ თურქეთს ავიაგამანდგურებლების პროგრამა უსაფრთხოების რისკების გამო შეუჩერა, რაც რეჯეფ თაიფ ერდოღანს ჟურნალისტმაც შეახსენა, რაზეც თურქეთის პრეზიდენტმა უპასუხა: "ჩვენი უსაფრთხოების საშიშროებებს ვინ გაითვალისწინებს?".

კომენტარები