არჩევნები 2021

ბოკერია: თუ მკაფიო გამარჯვება მოვიპოვეთ, რეჟიმისთვის ურთულესი იქნება ამის დაიგნორება

ტბელ აბუსერიძე/ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის მიზანი მმართველი პარტიის არა გაყალბებაში ეფექტურად მხილება, არამედ აშკარა გამარჯვების მოპოვა და ქართული ოცნების დამარცხებაა.

ბოკერია ასევე ამბობს, რომ არსებობს შესაძლებლობა არჩევნებზე ისეთი შედეგის დადგომის, რომ გაყალბების ვერც ერთმა მეთოდმა ამის განეიტრალება ვერ შეძლოს.

"გვაქვს შესაძლებლობა, რომ ისეთი შედეგი დადგეს, თუ მოქალაქეების აქტიურობა იქნება და ამ "თუ"-ს იმიტომ ვიძახი, რომ პოლიტიკური პარტიების ხელში არ არის ქვეყნის ბედი, ჩვენ უბრალოდ ნაწილი ვართ ჩვენი საზოგადოების, რა თქმა უნდა, მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს ვიდრე სხვებს და სამწუხაროდ, ივანიშვილის რეჟიმის ყველაფრის გახრწნის პროპაგანდაში და უიმედობის დანერგვაში, პოლიტიკოსებს წვლილი მიუძღვით თავისი უპრინციპობით, მაგრამ ეს ყველაფერი ახლა იმ ხალხმა უნდა გადადოს გვერდზე, ვისაც ჩვენი ქვეყნის ბედი აღელვებს. თუ თანხმდებიან, რომ ეს კაცი და მისი გარემოცვა არის ეროვნული საფრთხე და თუ ამ განწყობით, ვინც არიან ის ხალხი, მოვლენ არჩევნებზე და ამ ნებას დააფიქსირებენ, გამორიცხულია რომ ეყოს ეს მეთოდები ივანიშვილის რეჟიმს - გნებავთ კარუსელები იქნება, თუ ჩაყრა, თუ მანიპულაციები საარჩევნო უბანში, ვერ გაქაჩავენ, რომ ეს გაანეიტრალონ", - თქვა მან.

ტელეკომპანია ფორმულას წამყვანმა ბოკერიას მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებები შეახსენა, რომ რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნება 1%-ის აღების შემთხვევაშიც კი, რაზეც ევროპული საქართველოს ლიდერმა უპასუხა, რომ მსგავსი რიტორიკის მიზეზი შედეგების შიშია.

"ამას სწორედ იმიტომ ამბობენ, რომ ეშინიათ შედეგის, რომ არ ეშინოდეთ შედეგის მაგ უტიფარ სიბრიყვეს არ იტყოდნენ და არც იმ, ჩემთვის არმოსაწონი შეთანხმებიდან არ გავიდოდნენ, პრობლემას რომ არ ხედავდნენ შედეგებში.

ამიტომ, გარწმუნებთ, თუ ჩვენ მკაფიო გამარჯვება მოვიპოვეთ, საკვანძო რაიონებსა და ქალაქებში დაკარგეს თვითმმართველობაშიც პოზიციები, შეიქმნება რეალობა, რომელიც შეუძლებელი თუ არა, ურთულესი იქნება ამ რეჟიმისთვის დასაიგნორებლად, იმიტომ რომ წნეხი იქნება ამ არჩევნების შედეგი ჩვენი საზოგადოებისგან და უკვე ამ გამოხატულ ნებაზე დაყრდნობით თავისუფალი სამყაროს წნეხი ჩვენი ხალხის მხარდასაჭერად. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ პროპუტინური პროპაგანდა და ივანიშვილის არის, რომ ნუ ერევიან ჩვენს საქმეებში. ჩვენს საქმეებში კი არ ერევიან, მხარს გვიჭერენ ჩვენი საზოგადოების არჩევანში, იმიტომ რომ მათი ინტერესიც არის, ოღონდ ეს არჩევანი, მიუხედავად ავტორიტარული რეჟიმებისა, მიუხედავად ამ კრიმინალური საარჩევნო კამპანიისა, შეგვიძლია - ჩვენ არ ვართ იმ ზღვრამდე მისულები რომ არ შეგვეძლოს და იქნება სრული უპასუხისმგებლობა რომ ეს შანსი არ გამოვიყენოთ", - უპასუხა მან.

თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები